ევროპული საქართველო

კალოიანი: აჭარაში არ იშოვება COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტები, თბილისიდან იგზავნება

ევროპული საქართველო

ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ აჭარაში მედიკამენტების მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემებია. 

ჯანდაცვის საკითხებში ევროპული საქართველოს მდივნის ინფორმაციით, ისეთი სასიცოცხლო მედიკამენტები, როგორიცაა ტოცილიზუმაბი, ასევე რემდესივირი აჭარაში დეფიციტურია. 

"არ შევდივარ მის ეფექტურობასთან დაკავშირებით, ის არის ქართულ გაიდლაინში და ექიმს ბათუმში, ხულოში, თუ ქედაში უწევს ძალიან რთული გზის გავლა, რომ მიიღოს ეს მედიკამენტები – ექიმი წერს ფორმას, რომელიც იგზავნება თბილისში და იქ მიიღება გადაწყვეტილება. 

რაც ყველაზე სახიფათოა, ბათუმში აღარ არის ამ მედიკამენტების საწყობი, ეს არის მხოლოდ თბილისში, მხოლოდ ერთ კლინიკაში და იქიდან იგზავნება ეს მედიკამენტები. ეს არის ძალიან სახიფათო, რადგან ორივე ამ მედიკამენტს აქვს მხოლოდ და მხოლოდ მოკლე დროის ფანჯარა, როცა შეუძლია ექიმს, გამოიყენოს პაციენტთან. ეს საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების სიცოცხლეს". – ამბობს ვახტანგ კალოიანი. 

ევროპული საქართველოს წევრის ცნობით, პრობლემებია ასევე სისხლის შედედების საწინააღმდეგო ფიზიოლოგიურ ხსნარის მიწოდებასთან დაკავშირებითაც, რაც "საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის". 

ვახტანგ კალოიანი მოუწოდებს ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობას, გამოიყენოს სარეზერვო ბიუჯეტი და შექმნას ამ მედიკამენტების საწყობი და ბაზა, რათა არ დაიკარგოს პაციენტებისთვის ძვირფასი დრო. 

"კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას, გამოყოს სარეზერვო თანხები, რათა მოხდეს აჭარაში ამ მედიკამენტების საწყობის შექმნა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ეს უპასუხისმგებლო და უგუნური გადაწყვეტილების უარყოფითი შედეგი ჩვენს მოქალაქეებზე მინიმუმამდე დავიდეს". – თქვა კალოიანმა. 

კომენტარები