20 ივნისის ამნისტია

სირცხვილია: პოლიციამ პარლამენტთან ძალის გამოყენებით სტენსილები, პულვერიზატორები წაგვართვა

კადრები ვიდეოდან / სირცხვილია

მოძრაობა სირცხვილის ინფორმაციით, პარლამენტთან შეკრებილ აქტივისტებს, რომლებიც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონპროექტს აპროტესტებდნენ, პოლიციამ ძალის გამოყენებით სტენსილები და პულვერიზატორი წაართვა. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პარლამენტთან იმყოფებოდნენ პარტია დროას წევრებიც.

აქტვისტი ნიკა ფარულავა წერს, რომ პარლამენტთან მისულ 10-მდე აქტივისტს პოლიციელებმა აქციის დაყწებამდე წაართვეს პირადი ნივთები, ნაწილი დაამტვრიეს ნაწილის ადგილმდებარეობა კი არ იციან.

პარლამენტში 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარი შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე დააინიციირეს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ.

კანონპროექტის ხელისუფლების ვერსიის თანახმად, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება მათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი. კანონპროექტში არაფერი წერია დაზარალებულის თანხმობის შესახებ. 9 ივნისს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ ქართული ოცნების კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

19-21 ივნისს დაზარალებულებმა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ერთიანი განცხადება გაავრცელეს. ისინი არ ეთანხმებიან და გმობენ როგორც ქართული ოცნების, ისე ოპოზიციური პარტიების კანონპროექტს.

დაზარალებულმა აქტივისტებმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსა და აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს პარლამენტში შესული ოპოზიციის ნაწილისა და ხელისუფლების მიერ ინიციირებული ამნისტიის კანონპროექტებთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართეს. წერილში დაზარალებულები ელჩებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ, ვინაიდან, მათი პოზიციით, ამნისტიის სახით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა დამატებით მძიმე შედეგებს გამოიღებს და დააზარალებს საქართველოში დასავლეთის რეპუტაციას.

კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა დაზარალებული აქტივისტების საპასუხო წერილში აღნიშნეს, რომ პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული შეთანხმების დოკუმენტით აღებული ვალდებულებების ზუსტი მოდალობების განსაზღვრა, მათ შორის ამნისტიის კანონისა.

კომენტარები