კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დღევანდელი 1 965 შემთხვევა არ არის რეალური, სერვერებზე შეფერხება იყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს 7 სექტემბრის მონაცემებით გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 1 965 შემთხვევა არ არის რეალური მაჩვენებელი, რადგან გუშინ, 6 სექტემბერს სისტემის სერვერებზე სერიოზული შეფერხება იყო.

"დღევანდელი 1 965 ახალი შემთხვევა არ არის რეალური ციფრი. რამდენადაც დღეს ჩვენი პროგნოზით ველოდებოდით, რომ უნდა ყოფილიყო კლება წინა სამშაბათთან შედარებით. დაახლოებით კვირის განმავლობაში 700, 800, 900 შემთხვევით გვაქვს კლება. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს პროგნოზირება მთელი თვის განმავლობაში. წინა კვირაში გვქონდა 4 700-ის ფარგლებში, დღეს ველოდებოდით, რომ უნდა ყოფილიყო 3 500-3 700-ის ფარგლებში. არის 1 965 შემთხვევა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში იყო სერიოზული შეფერხებები სერვერებზე, რომელთანაც კავშირი აქვს ჩვენს რამდენიმე პორტალს, მათ შორის ვაქცინაციის, COVID-ის დიაგნოსტიკის პორტალს და ამის გამო გუშინდელი ყველა შედეგი პორტალზე არ არის ატვირთული. ეს შედეგები, ალბათ, დღის განმავლობაში აიტვირთება და ხვალ ვნახავთ, როგორი იქნება შემთხვევათა რაოდენობა". – თქვა ამირან გამყრელიძემ. 

StopCov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში COVID-19-ით კიდევ 50 ადამიანი გარდაიცვალა დადასტურდა 1 965 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  3 996 ადამიანი.

კომენტარები