არჩევნები 2021

ბოკერია სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე: არ მიცვლის არც ამოცანებს და არც გეგმებს

ევროპული საქართველო

"არ მიცვლის არანაირად ჩემს ამოცანებს და აქედან გამომდინარე, არც გეგმებს". - ასე პასუხობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია, ტვ პირველის ეთერში, ჟურნალისტის კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის არჩევნებისთვის მართლაც ჩამოვა საქართველოში. 

ჟურნალისტის ხელმეორედ დასმულ კითხვაზე, რას ფიქრობს სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ბოკერია პასუხობს - "არ ვიცი, მართლა არ ვიცი". მისივე თქმით, სწორედ ეს არის ევროპული საქართველოს ამოცანა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ლიდერის ჩამოსვლა-არ ჩამოსვლის საკითხი საერთოდ აღარ იყოს განსახილველი. 

"ახლა ყველას ერთად გვაქვს ის ამოცანა, რომ ქვეყანაში შევქმნათ ვითარება, რომ ეს კონტექსტი საერთოდ აღარ გვქონდეს განსახილველი, ჩამოვა თუ არა ვინმე,  იქნება ეს სააკაშვილი თუ ნებისმიერი სხვა, მითუმეტეს როცა პოლიტიკური ლიდერია ან ქვეყნის ყოფილი ლიდერია. ეს არის რისკენაც ევროპული საქართველო ვართ მომართული და რისკენაც მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, ბუნებრივია, განსაკუთრებით იმათ, ვინც ჩვენს შეხედულებებთან, ხედვასთან ქვეყნის მომავლის, თავისუფალი სამყაროს წევრობის, დასავლეთის მცირე მთავრობის, მეტი თავისუფლების, ბიუროკრატიის შემცირების, აი, ამ ყველაფრის ხედვასთან ახლოსაა, ამ ხალხს პირველ რიგში, თუმცა, ყველას, ჩვენგან ვინც განსხვავდება იმათაც, რომლებიც ამ მოვლენას ანიჭებენ გადამწყვეტ მნიშვნელობას, რაზეც თქვენ მეკითხებით. 

ყველას ინტერესშია, რომ ივანიშვილის რეჟიმი იქნას დამარცხებული და შემდეგ ერთად დავიწყოთ ბევრ საკითხში კომპრომისების ხარჯზე, განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შორის, გამოსვლა ამ ჭაობიდან". - ამბობს ბოკერია. 

დღეს, 6 სექტემბერს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ დააანონსა

"მე მინდა ვთქვა, რომ პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში". - თქვა სააკაშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები