ტექნოლოგიური გიგანტები

მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გამოყენებისთვის WhatsApp-ი $267 მილიონით დაჯარიმდა

Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი
Financial Times  

კომპანია Facebook-ის საკომუნიკაციო პლატფორმა WhatsApp-ი ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ 267 მილიონი დოლარით დააჯარიმა

მონაცემთა დაცვის კომისიის განმარტებით, WhatsApp-ი არღვევდა ევროკავშირის კანონმდებლობას მომხმარებლების პირადი ინფორმაციის დაცვისა და გაზიარების შესახებ. 
კერძოდ, სარგებლის მიღების მიზნით, სოციალური პლატფორმა ნებართვის გარეშე აზიარებდა მომხმარებლების პირად ინფორმაციას Facebook-თან და Instagram-თან. 

როგორც წესი, სოციალური ქსელებისა და მობილური აპლიკაციების ძირითადი შემოსავლის წყარო პერსონალიზებული რეკლამებია. 

სისტემა აკვირდება მომხმარებლის ქცევას, მის გემოვნებას, ინტერესებს და ბრაუზერის ძებნის ისტორიასაც კი. ამ ინფორმაციის საშუალებით სარეკლამო კომპანიები ქმნიან ისეთ რეკლამას, რომელიც ზუსტად ერგება მომხმარებლის ინტერესებს. 

Facebook, Instagram, YouTube, Amazon და სხვა პლატფორმები კი მსგავსი ტიპის პერსონალიზებული რეკლამების განთავსებით იღებენ შემოსავალს. 

2018 წლიდან ევროკავშირის კანონმდებლობა სოციალური პლატფორმებისა და ინტერნეტ კომპანიების მიმართ მნიშვნელოვნად გამკაცრდა. 

WhatsApp-ის წარმომადგენლობა არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას და მის გასაჩივრებას გეგმავს. 

"ჩვენ არ ვეთანხმებით კომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას. ჯარიმები სრულიად არაპროპორციულია. ჩვენ ამას გავასაჩივრებთ".

აღსანიშნავია, რომ კონფიდენციალურობის, მონაცემთა დაცვისა და პირადი ინფორმაციის შესახებ განსაზღვრული რეგულაციების დარღვევის გამო, ევროკავშირმა კომპანია Amazon-ი რეკორდული 887 მილიონი დოლარით დააჯარიმა.  

კომენტარები