COVID-19

ჯანმო და UNICEF-ი ევროპის ქვეყნებს სწავლის სკოლებში გაგრძელებისკენ მოუწოდებენ

COVID-19-ის დელტა შტამის გავრცელების მიუხედავად, ჯანმო და UNICEF-ი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ სწავლის რეჟიმი სკოლებში გაგრძელდეს და უზრუნველყონ მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხოება.

"პანდემიამ განათლებას ისტორიაში ყველაზე კატასტროფული ზიანი მიაყენა. მნიშვნელოვანია, რომ საკლასო განათლება შეუჩერებლად გაგრძელდეს" – თქვა ჰანს კლუგემ, ჰანმოს ევროპის რეგიონის ხელმძღვანელმა. 

კლუგეს თქმით, მთავრობებისთვის სკოლაში ისეთი უსაფრთხო გარემოს შექმნა, რომ სწავლის გაგრძელება შესაძლებელი გახდეს, მთავრობებისთვის უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან ეს მნიშვნელოვანია ბავშვების განათლებისთვის, მენტალური ჯანმრთელობისთვისა და სოციალიზაციისთვის. 

პირველი ტალღის დროს, 2020 წელს, როდესაც პიკი აპრილში იყო, ჯანმოს ევროპის რეგიონის 53 ქვეყნიდან (მათ შორის შედის საქართველოც) სკოლები 44-ში დახურეს. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგში, მათი უმეტესობა კვლავ გახსნეს, ბევრი სკოლა თავიდან დახურეს შემოდგომასა და ზამთარში, რაც 2021 წელსაც გაგრძელდა. ზოგიერთ ქვეყანაში სკოლები არ იყო დახურული, თუმცა ბავშვები მასობრივად აცდენდნენ გაკვეთილებს. 

"ყველა ქვეყანას ვურჩევთ სკოლების გახსნას და ყველა სკოლას ვთხოვთ, მიიღონ ქმედებები COVID-19-ისა და მისი ვარიანტების საფრთხის შესამცირებლად" – ამბობს ჰანს კლუგე.

ჯანმოსა და UNICEF-ის თქმით, ეროვნული ვაქცინაციების პროგრამებში მასწავლებლები და სკოლის თანამშრომლები მთავარ სამიზნე ჯგუფს უნდა წარმოადგენდნენ. ასევე, მათი რეკომენდაციით, უნდა აიცრან 12 წელს გადაცილებული მოსწავლეები ჯანმრთელობის პრობლემებით. 

ორი ორგნაიზაციის რეკომენდაციით, გახსნილ სკოლებში უზრუნვლეყოფილი უნდა იყოს საკლასო ოთახის განიავება, უნდა შემცირდეს კლასის მოსწავლეთა რაოდენობა, სადაც შესაძლებელია, დაცული უნდა იყოს დისტანცია და მასწავლეებმა და მოსწავლეებმა ყოველ დღე უნდა გაიკეთონ COVID-19-ის ტესტები. 

ჯანმოსა და UNICEF-ის თქმით, სკოლა უნდა იყოს დაწესებულება, რომელსაც ყველაზე ბოლოს დახურავენ და პირველი, რომელსაც გახსნიან.

ამ ეტაპისთვის, საქართველოში სასწავლო პროცესი სკოლებში, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცნობილი გახდა 31 აგვისტოს.

კომენტარები