კორონავირუსი საქართველოში

ხოშტარია: რუსეთთან საზღვარზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს – ხშირად იყენებენ ყალბ COVID-პასპორტს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა და დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რაც, მისი შეფასებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების განსამუხტად არის საჭირო. ხოშტარიას თქმით, რუსეთთან საზღვარზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს, რადგან რუსეთის მოქალაქეები ხშირად სარგებლობენ ყალბი კოვიდ პასპორტებით და ხდებიან ვირუსის გავრცელების წყაროები. 

ასევე, ელენე ხოშტარიას თქმით, ქართულმა ოცნებამ უნდა შეწყვიტოს პანდემიის მართვის დროს პოლიტიზებული გადაწყვეტილებების მიღება და არასწორი მართვის შედეგების მოქალაქეებსა და მედპერსონალზე გადაბრალება. 

"ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეწყვიტონ განცხადებებითა თუ ქცევით ვაქცინაციისა და კოვიდ რეგულაციის დაცვის მოწინააღმდეგეთა წახალისება.  

დაიწყონ მუშაობა აცრის მობილურმა ჯგუფებმა იქ, სადაც არ არსებობს სამედიცინო პუნქტები, დაიწყოს ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით ყველა კლინიკასა თუ პოლიკლინიკაში. ასევე შესაძლებელია, ამ პროცესში სააფთიაქო ქსელების ჩართვა". – ამბობს ელენე ხოშტარია. 

ასევე, დროას განცხადების მიხედვით, აქტიური საკომუნიკაციო კამპანიით, ვაქცინირებულთა დღიური რიცხვი 40 000-მდე, უნდა გაიზარდოს, რათა სექტემბრის ბოლოს სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობამ მიაღწიოს 1 200 000-ს, რაც, მათი შეფასებით, მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ვითარებას. 

"აუცილებლად უნდა შესრულდეს უკვე გაცემული ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც 2021 წლის 15 სექტემბრამდე ყველა იმ სკოლას, რომელშიც 1000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს, უნდა ჰყავდეს გადამზადებული ექიმი. ხოლო 2022 წლის სექტემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სკოლაში უნდა არსებობდეს ექიმი, რომელიც იქნება სასწავლო სივრცეში ეპიდემიოლოგიური რეჟიმის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი მთავარი პირი". – ამბობს ელენე ხოშტარია.  

დღეს, 31 აგვისტოს ელენე ხოშტარიამ დროას ორი ახალი წევრი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი და მედიცინის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს კლინიკების ასოციაციების პრეზიდენტი, ვილი პაჭკორია წარადგინა. 


31 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 79 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 4 778  ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალურად 549 811 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 493 414 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 408 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 48 963 აქტიური შემთხვევაა. 

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 13.8%, ერთი დოზის ჩათვლით - 27.7%. უსაფრთხოებისთვის ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრაა საჭირო. 

კომენტარები