COVID-19

სამხრეთაფრიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს COVID-19-ის ახალი შტამი, რომელიც მარტივად ვრცელდება

სამხრეთაფრიკელი მეცნიერები საკუთარ კვლევაში ამბობენ, რომ მათ COVID-19-ის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც მარტივად ვრცელდება ადამიანებში. ისინი ახალ შტამს C.1.2.-ს ეძახიან.

ახალი ვარიანტი პირველად 2021 წლის მაისში, სამხრეთ აფრიკის ორ პროვინციაში დააფიქსირეს. სამხრეთაფრიკელი მეცნიერების თქმით, C.1.2.-ის შემთხვევები 13 აგვისტომდე რვა ქვეყანაში დააფიქსირეს. ეს ქვეყნებია: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ჩინეთი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მავრიკი, ინგლისი, ახალი ზელანდია, პორტუგალია და შვეიცარია.

სამხრეთაფრიკელი მეცნიერების თქმით, კორონავირუსის ეს ვარიანტი, სხვა შტამებთან შედარებით, უფრო მარტივად გადამდებადია, ასევე ის უფრო მარტივად არიდებს თავს ანტისხეულებს. სამხრეთაფრიკელი მკვლევრები ამბობენ, რომ ახალ შტამს შემაშფოთებლად ბევრი მუტაცია აქვს. 

ახალი მუტაციები თავდაპირველად ჯანმოს მიერ ინტერესის ობიექტად კლასიფიცირდება. მათი გამოკვლევის შემდეგ კი, თუ დამტკიცდა, რომ შტამი მართლაც უფრო გადამდებია, ვარიანტის შეშფოთების საგნად გადაკლასიფიცირება ხდება. 

C.1.2. წარმოიშვა C.1. შტამისგან, რომელიც 2020 წლის პირველ ნახევარში, სამხრეთ აფრიკის პირველი ტალღის დროს ინფიცირებულთა უმეტესობას უდასტურდებოდა. სამხრეთაფრიკელმა მეცნიერებმა 2020 წელს აღმოაჩინეს COVID-19-ის ბეტა ვარიანტი.

კომენტარები