კორონავირუსი საქართველოში

ღარიბაშვილი: ჩვენი ექიმების და მეცნიერების პროგნოზით, ოქტომბრიდან ეპიდსიტუაცია დამშვიდდება

ჩვენ არცერთი მოქალაქე არ უნდა დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე. ჩვენ ყველას მაქსიმალური ზრუნვა უნდა აღმოვუჩინოთ. გავიმეორებ, რომ ჩვენთვის მთავარი ამ სიტუაციაში არის აცრები და ვაქცინაციისკენ ყველას უნდა მოვუწოდოთ. ჩვენ მილიონ ადამიანს ძალიან მალე ავცრით უახლოეს რამდენიმე დღეში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ჩვენი მოქალაქე იყოს აცრილი. აქედან, ზოგი იქნება ერთჯერადად და ზოგი უკვე ორჯერადად აცრილი. ალბათ, მილიონს უკვე გადატანილი ექნება და აქვს კიდეც. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენი ექიმები და მეცნიერები ამბობენ, მათი პროგნოზია, რომ შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია. რამდენიმე კვირა დაგვრჩა, უნდა გადავიტანოთ ეს მძიმე პერიოდი და ოქტომბრიდან, ყველა პროგნოზის მიხედვით, იქნება მშვიდი პერიოდი, დამშვიდდება სიტუაცია, თუმცა მანამდე უნდა მივიდეთ მობილიზებულად და ეს პროცესი უნდა იმართოს

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე. 30 აგვისტოს მონაცემებით, Covid 19-ით კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 21 411 ტესტი და დადასტურდა 1 915 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  5 929 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.94%, ბოლო 14 დღის - 10.44%, ბოლო 7 დღის - 10.04%.

კომენტარები