სეტყვა კახეთში

დავითაშვილი: ისინი, ვისაც ყურძნის მოსავალი სრულად გაუნადგურდა, 1 ჰექტარზე 3 000 ლარს მიიღებენ

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, მევენახეები, რომლებსაც სეტყვისგან ყურძნის მოსავალი სრულად გაუნადგურდათ, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 1 ჰექტარზე 3 000 ლარს ერთჯერადად მიიღებენ. ისინი კი, ვისაც სეტყვამ ყურძენი დაუზიანა, 1 კგ. რქაწითელს 80 თეთრად, 1 კგ. საფერავს კი 1 ლარად ჩააბარებენ.

"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს. მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ იმ ფერმერებსაც, ვისაც სტიქიამ ხილის ბაღები მთლიანად გაუნადგურა და მომავალ წლებში, მოსავლის მიღებას ფაქტობრივად ვეღარ შეძლებენ. აღნიშნული ბაღების ჩანაცვლება-აღდგენის მიზნით, პროგრამა დანერგე მომავალის ფარგლებში, ფერმერები სრულ დაფინანსებას მიიღებენ ნერგების და მოხდება სარწყავი სისტემის თანადაფინანსებაც. 

ამასთან ერთად, მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეები, რომელთაც სრულად, 100 %-ით გაუნადგურდა ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, სახელმწიფოსგან 1 ჰა-ზე 3 000 ლარს მიიღებენ. ფერმერები სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს - 1 კგ რქაწითელს 80 თეთრად, ხოლო 1 კგ საფერავს 1 ლარად ჩააბარებენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დასეტყვილი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. დასეტყვილი ყურძნის მიღება სახელმწიფო საწარმომ შპს მოსავლის მართვის კომპანიამ 27 აგვისტოდან დაიწყო და 3 სექტემბრის ჩათვლით გააგრძელებს. დასეტყვილი ყურძნის მიღება თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ლოკაციაზე უკვე შესაძლებელია". - ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში -  ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

კომენტარები