თვითმმართველობის არჩევნები 2021

სარჯველაძე: ჩვენი კვლევით, თბილისში ოცნება 47.4%-ს იღებს, ენმ - 25.2%-ს, გირჩი - 4.9%-ს

ქართული ოცნების წევრმა, მიხელ სარჯველაძემ, პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგებზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, თბილისის ადგილობრივ არჩევნებში ხმათა 47.4%-ს ქართული ოცნება იღებს, 25.2%-ს ნაციონალური მოძრაობა, ხოლო 4.9%-ს - გირჩი-მეტი თავისუფლება. სარჯველაძის თქმით, კვლევის ფარგლებში, რომელიც 21-25 აგვისტოს ჩატარდა, 2958 ადამიანი პირისპირ გამოიკითხა.

"გვსურს, საზოგადოებას გავაცნოთ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 21-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2958 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 79.2%-მა დაასახელა, ცდომილების ზღვარი გახლავთ 3%.

პირველ რიგში, წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს. კითხვაზე, ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები გაიმართოს რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

  • ქართული ოცნება - 47.4%
  • ენმ - 25.2%
  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 4.9%
  • საქართველოსთვის - 4.7%
  • მოქალაქეები  - 3.2%
  • ლელო - 2.4%
  • პატრიოტთა ალიანსი - 1.9%
  • ევროპული საქართველო - 1.8%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 1.7%
  • გირჩი - 1.1%
  • ლეიბორისტული პარტია - 0.7%
  • ერთიანი საქართველო - 0.7%
  • სხვა პარტიები - 4.3%

ამ მონაცემებით, თბილისის საკრებულოს წევრთა 40 მანდატი პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა: ოცნება - 22 მანდატი,  ენმ - 12 მანდატი, გირჩი - მეტი თავისუფლება, საქართველოსთვის და მოქალაქეები - 2-2 მანდატი", - თქვა სარჯველაძემ.

სარჯველაძემ მერობის კანდიდატების შეწონილი მონაცემებით წარადგინა, რომლის თანახმადაც, ოცნების კანდიდატი, კახა კალაძე ხმათა 60.1%-ს იღებს და პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო ოპოზიციის ნაწილის კანდიდატი, ნიკა მელია 29.2%-ს.

"ასევე წარმოგიდგენთ თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილ მონაცემებს, კითხვაზე, ხვალ რომ მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

  • კახა კალაძეს - 60.1%
  • ნიკანორ მელია - 29.2%
  • სხვა კანდიდატები - 10.7%", - თქვა სარჯველაძემ.

კომენტარები