კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ორსულებში დელტა შტამი ნამდვილად უფრო მეტი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში

თამარ გაბუნია

"ორსულებისთვის, პირველ რიგში, უაღრესად მნიშვნელოვანია პრევენცია, მათ შორის აცრა და, რა თქმა უნდა, სოციალური დისტანცია, პირბადის გამოყენება". - თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და აღნიშნა, რომ "ორსულებში დელტა შტამი ნამდვილად უფრო მეტი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში". მისი თქმით, "დელტა შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება ორსულებში იმუნური სტატუსიდან გამომდინარე და, ასევე, შესაძლებელია, შედარებით მძიმე მიმდინარეობა გამოიწვიოს". მინისტრის მოადგილის განმარტებით, "ეს უფრო უკავშირდება იმ ბიოლოგიურ მახასიათებლებს, რაც ორსულობის პერიოდში ორგანიზმს აქვს და ამ შტამის ქცევას".

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ორსულებისთვის სპეციალიზებული კონსულტაციის გასაწევად 15 22-ს მიმდინარე დღეებში დაემატება მეან გინეკოლოგების სერვისიც.

"მათი ტრენინგი ჩატარდა და ისინი ოჯახის ექიმებთან ერთად გასცემენ კიდევ დამატებით რეკომენდაციებს ორსულებისთვის. საუბარია მსუბუქ შემთხვევებზე, ვინც იმყოფება ბინაზე.

ასევე, ბინაზე მყოფი პირებისთვის ჩვენ ისედაც ვახორციელებთ ლაბორატორიული გამოკვლევების ნაკრებს, ამ პროგრამაში ჩაერთვება მეორე-მესამე დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები ამბულატორიული სპეციალიზებული სერვისისთვის, რათა ორსული, რომელიც საჭიროებს მეთვალყურეობას კოვიდ ინფექციის გამო, მივიდეს არა სტანდარტულ საავადმყოფოში, არამედ, სპეციალიზებულ კლინიკაში და იქ მიიღოს სპეციალისტის მომსახურება ადგილზე. ეს კომპონენტი ძალიან მოკლე ხანში ამოქმედდება, ზუსტდება გარკვეული დეტალები" - ამბობს მინისტრის მოადგილე.

თამარ გაბუნიას თქმით, მოხდა ორსულებისთვის ჰოსპიტალური საწოლების მობილიზება, რათა, თუ "ოდნავ მაინც არსებობს საჭიროება, რა თქმა უნდა,  არ უნდა დაველოდოთ მდგომარეობის დამძიმებას და ორსული უნდა იყოს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ".

"ამ მხრივ რამე დეფიციტი არ არის. ორსულს თუ სჭირდება ჰოსპიტალური მართვა, ის ჰოსპიტალში მოხვდება". - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


ქუთაისში მშობიარობიდან მე-3 დღეს 26 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა.  როგორც ტაბულას ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" უთხრეს, ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ ბათუმიდან გადაიყვანეს. მათივე ინფორმაციით, მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ფილტვის ქსოვილის დაზიანება ჰქონდა.  

საქართველოში 18 აგვისტოს COVID-19-ით 7 თვის ორსული გარდაიცვალა. 19 აგვისტოს კი მელოგინე - მას კორონავირუსი 8 თვის ორსულს დაუდასტურდა.   

26 აგვისტოს დილის მონაცემებით, COVID-19-ით კიდევ 79 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა  4 128 ახალი შემთხვევა.

კომენტარები