არჩევნები 2021

ენმ: ჩვენი კვლევით, რუსთავში, თელავში, ბათუმსა და ქუთაისში ოცნება 35%-ს ვერ სცდება

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. პარტიის ინფორმაციით, ქართული ოცნება ჩამოთვლილ ქალაქებში 35%-ს ვერ სცდება, მათი კანდიდატები კი თითქმის ყველა ოლქში იქნებიან მე-2 ტურში ქართული ოცნების კანდიდატებთან ერთად.

ენმ-ის ინფორმაციით, კვლევა 6-დან 11 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა - იმ პერიოდში, როდესაც მათი კანდიდატები დასახელებული არ იყვნენ და საარჩევნო კამპანია სრულად არ იყო დაწყებული. მათივე ცნობით, თითოეულ ქალაში 600 სრული ინტერვიუ ჩაატარეს - ცდომილება 3%-ია. 

"გიორგი ბოტკოველი თელავში 40.2%-ით ლიდერობს, ხოლო რუსთავში დავით კირკიტაძე ლიდერობს 42%-ით. თელავში, ჯამურად, რეფერენდუმის პარტიებს, ანუ ყველა პარტიას ქართული ოცნების გარდა, აქვს 66%. აქედან ჩვენს პარტიას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს 36%, ხოლო ქართულ ოცნებას 34%.  

რაც შეეხება ქუთაისს, ქუთაისში რეფერენდუმის პარტიების ჯამური რაოდენობაა 66%, ქართულ ოცნებას აქვს 34%. რუსთავში რეფერენდუმის პარტიების ჯამური პროცენტული მაჩვენებელი 66%-ია - ენმ-ის შედეგია 31%, ხოლო ქართული ოცნების 34%. ბათუმში ოპოზიციის ჯამური მაჩვენებელია 66.9%, აქედან ენმ-ს აქვს 29%, ხოლო ქართულ ოცნებას 31%".  – ამბობენ პარტიაში. 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები