ისრაელმა საქართველო წითელი ქვეყნების ჯგუფიდან ამოიღო და ნარინჯისფერ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც ნიშნავს იმას, რომ 1-ლი სექტემბრიდან ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეეძლებათ საქართველოში მოგზაურობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი თვითიზოლაციაში გადავლენ.
"მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო წითელი ქვეყნების ჯგუფიდან ნარინჯისფერ ქვეყნებში გადაიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე, ძალაში შედის 1 სექტემბრიდან". – წერია ისრაელის საელჩოს განცხადებაში.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 47 288 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 777 პაციენტი.
24 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 523 022 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 458 265 გამოჯანმრთელდა, 6 891 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 57 840 აქტიური შემთხვევაა.





