კრიპტოვალუტა

ჰაკერმა 610 მილიონი დოლარის ღირებულების მოპარული კრიპტოვალუტა უკან დააბრუნა

ჰაკერმა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ კრიპტოვალუტის ისტორიაში ყველაზე მსხვილმასშტაბიანი კიბერშეტევა განახორციელა და Poly Network-დან 610 მილიონი დოლარის კრიპტოაქტივები მოიპარა, 23 აგვისტოს მოპარული თანხა უკან დააბრუნა

Poly Network-ი დეცენტრალიზებული საფინანსო სავაჭრო პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა კრიპტოაქტივების ყიდვა, გაყიდვა და გაცვლაა შესაძლებელი. 

შეტევის შემდეგ, ჰაკერი აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა როგორც სავაჭრო პლატფორმის წარმომადგენლებთან, ასევე მედიაგამოცემებთანაც, უფრო მეტიც, მან რამდენიმე ანონიმური ინტერვიუც კი ჩაწერა. 

ჰაკერის თქმით, მას კეთილი განზრახვები ამოძრავებდა და შეტევის მიზანი არ იყო მატერიალური სარგებლის მიღება, არამედ მას სურდა Poly Network-ის სისტემაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და სხვა სავაჭრო პლატფორმებისთვის მაგალითის მიცემა, რომ კიბერუსაფრთხოებაზე მეტი დრო, ენერგია და რესურსები უნდა დახარჯონ. 

მისი განმარტებით, ხარვეზების გამოსწორების შემდეგ მოპარული კრიპტოვალუტა უკან დაბრუნდებოდა, რაც ასეც მოხდა. 

საინტერესოა, რომ Poly Network-მა ჰაკერს გაწეული სამსახურისთვის [ხარვეზების გამოვლენა] 500 000 დოლარი ჯილდო და კიბერუსაფრთხოების მთავარი მრჩევლის თანამდებობაც კი შესთავაზე, რაზეც ჰაკერი არ დათანხმებულა. 

ტრადიციული ცენტრალიზებული ბირჟებისგან განსხვავებით, როგორებიცაა: Binance, Coinbase ან Gemini, დეცენტრალიზებული სისტემას არ აკონტროლებს ერთი კონკრეტული კომპანია და არ გააჩნია დაზღვევისა თუ ზარალის ანაზღაურების სერვისები, შესაბამისად, დაზარალებულ პირებს დაკარგული ბიტკოინი, ეთერიუმი თუ სხვა კრიპტოვალუტა, როგორც წესი, უკან არ დაუბრუნდებათ. თუმცა, Poly Network-ის შემთხვევა ისტორიაში ყველაზე განსხვავებულია, რაც კიბერშეტევის შესახებ ეჭვებს აჩენს. 

კიბერუსაფრთხოების ექსპერტების შეფასებით, ჰაკერის ზუსტი მოტივების დადგენა საკმაოდ რთულია და, შესაძლოა, შეტევა Poly Network-ის მარკეტინგული კამპანიის ნაწილიც ყოფილიყო, რადგან ამ შემთხვევის წყალობით აქამდე არც ისე ცნობილი სავაჭრო პლატფორმის შესახებ თითქმის ყველა მსხვილმა გამოცემამ დაწერა, რაც უფასო რეკლამადაც კი შეიძლება იქნეს განხილული.   

უკანასკნელ წლებში სავაჭრო პლატფორმების დაჰაკვისა და გატეხვის ფაქტების ცხადყოფს, რომ მომხმარებლებმა საკუთარი კრიპტოაქტივები არა სავაჭრო ბირჟებზე, არამედ სპეციალურ კრიპტოსაფულეში უნდა შეინახონ, რომლის პირად გასაღებსაც თავად აკონტროლებენ.  
 

კომენტარები