ინფლაცია

ეროვნული ბანკის მოლოდინით, ინფლაცია შემცირებას 2022 წლიდან დაიწყებს

საქსტატი

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს, სადაც ქვეყნის სამომავლო მაკროეკონომიკური მდგომარეობის პესიმისტური, საბაზო და ოპტიმისტური პროგნოზებია გაანალიზებული.

დოკუმენტის თანახმად, საბაზო სცენარში, 2021 წელს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად აღდგება და მოსალოდნელია, რომ კოვიდ-19-ის მართვის გაუმჯობესებული მეთოდები და გაფართოებული ვაქცინაცია პანდემიის გავრცელებას კონტროლს დაუქვემდებარებს. 

სებ-ში მოელიან, რომ მიმდინარე წელს, საბაზო სცენარით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, რასაც, დიდწილად, საერთაშორისო ბაზარზე მკვეთრად მომატებული სასაქონლო პროდუქტების ფასები განაპირობებს. 

თუმცა, მოსალოდნელია, რომ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, 2022 წლიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და, საშუალოვადიან პერიოდში, სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ივლისის მდგომარეობით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი რეკორდულ 11.9%-ს უტოლდება. 

კომენტარები