არჩევნები 2021

დეკანოიძე FP-ის სტატიაზე: აჩვენებს, რა უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზე დგას საქართველო

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა იან კელისა და დევიდ კრამერის Foreign Policy-ზე გამოქვეყნებულ მოსაზრებას და მას საგანგაშო უწოდა. მისივე თქმით, საქართველო დღეს უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზე დგას.

"გამოქვეყნებული სტატია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ხელისუფლების მიერ პროდასავლური კურსის ცვლილებას და რუსულ ორბიტაზე კვლავ მობრუნებას, არის საგანგაშო. იქ ჩამოთვლილი ყველა ფაქტი, მათ შორის ძალადობა და ძალაუფლებისთვის ჩაჭიდება, ოლიგარქიული, კლეპტოკრატიული რეჟიმი, ჟურნალისტების, მედიის, ოპოზიციის დევნა, აჩვენებს, რა უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზე დგას საქართველო". - ამბობს ხატია დეკანოიძე.

აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირმა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა, დევიდ კრამერმა გამოცემა Foreign Policy-ში მოსაზრება გამოაქვეყნეს, სათაურით საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია. ნაშრომში ვკითხულობთ, რომ მმართველი პარტია ქართული ოცნება, თბილისს მოსკოვის ორბიტაზე აქცევს და დემოკრატიულ ინსტიტუციებს შლის.

კომენტარები