პოლიტიკური კრიზისი

იან კელი და დევიდ კრამერი: საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, დევიდ კრამერი გამოცემა Foreign Policy-ში მოსაზრებას აქვეყნებენ, სათაურით საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია.

საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია

მმართველი პარტია ქართული ოცნება თბილისს მოსკოვის ორბიტაზე აქცევს, სანამ დემოკრატიულ ინსტიტუციებს შლის.

ამ თვეში რუსეთის საქართველოში შეჭრიდან მეცამეტე წლისთავი სრულდება. 3.7 მილიონიანი ქვეყანა რუსეთსა და თურქეთს შორისაა გაჩხერილი. ათწლეულების განმავლობაში რეგიონში საქართველო ყველაზე პროდასავლური და პროამერიკული ქვეყანა იყო. მისი უმთავრესი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირსა და NATO-ში შესვლაა და მან ამ ორგანიზაციების მიერ სამშვიდობო და საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის თითქმის ყველა მოწოდება დააკმაყოფილა. 

რამდენიმე ათეულმა ქართველმა უდიდესი მსხვერპლი გაიღო აშშ-ს სამხედროების გვერდით მსახურების დროს ერაყსა და ავღანეთში. გარდა იმისა, რომ საქართველო აშშ-სთვის უსაფრთხოების ინვესტიციაა, ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანიც არის, როგორც შავი ზღვის ბაზარი, რომელიც დასავლეთ-აღმოსავლეთის ერთადერთ ეკონომიკურად გამოსადეგ გზაზე მდებარეობს, გზაზე, რომელიც არც რუსეთზე გადის და არც ირანზე. 

ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანების მსურველი საქართველო რეგიონში დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯებითაც გამოირჩეოდა. ახლა პროგრესს საფრთხეს უქმნის მმართველი პარტია, ქართული ოცნება, რომელსაც მართვის სადავეების ხელში სრულად ჩაგდება უფრო სურს, ვიდრე მმართველობის დასავლური სტანდარტების დაკმაყოფილება. როგორც ჩანს, ის კავშირს ამყარებს რუსეთთან და ბელარუსთანაც კი. 

2019-ში ქართულმა ოცნებამ მოიწვია რუსი დეპუტატი, რომელსაც პარლამენტში სიტყვა უნდა წარმოეთქვა, რამაც ქუჩებში რისხვა და არეულობა გამოიწვია. მათ ჩაძირეს ორი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობას გაზრდიდნენ. ერთი იყო ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაში, მეორე კი აღმოსავლეთ-დასავლეთის ოპტიკური სადენების ახალი კორიდორი. 

ქართულ ოცნებაში ზოგი ისეთ რამეს აკეთებს, რაც სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას უტოლდება. ხდება ძალაუფლებისა და სიმდიდრის პატარა ელიტარული ჯგუფების ხელში თავმოყრა. ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს და  ბოლო წელს მშპ 6.2 პროცენტით შემცირდა, ეკონომიკა დაზარალდა. საქართველოში ნახევარი მილიონი შემთხვევა იყო და 6500-ზე მეტი გარდაცვლილი, [კოვიდტესტზე] პოზიტიურობის მაჩვენებელი 10.4% და მოსახლეობის მხოლოდ 7%-ა ვაქცინირებული. 

მოსკოვისა და მინსკის არალიბერალური რეჟიმების სცენარის აღებით, დასავლეთზე ბრაზის ნთხევა თბილისმაც დაიწყო. 2019 წელს Facebook-მა წაშალა ცრუ ანგარიშები, ყველა კვალი ქართულ ოცნებასთან მიდიოდა. ისინი გამოხატავდა ანტიდასავლურ იდეებს, ზოგი კი განსაკუთრებით ანტიამერიკული იყო. ბოლო ხანებში ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა ვებსაიტებმა და სოციალური მედიის ანგარიშებმა დაიწყეს უპრეცედენტო თავდასხმა აშშ-ს ელჩზე თბილისში და მის ევროპელ კოლეგებზე, როდესაც ისინი ქართული ოცნების ან მთავრობის კრიტიკას იწყებდნენ. თავდასხმების მიზანი იყო ამ კრიტიკის გაჩუმება . 

საქართველოს პოლიტიკური კრიზისი ბოლო შემოდგომას დაიწყო, როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებს უნდობლობა გამოუცხადეს და ამტკიცებდნენ, რომ ქართული ოცნება ჩართული იყო ამომრჩევლის მოსყიდვასა და გაყალბებაში. ბევრს არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ქართულმა ოცნებამ სხვა პარტიებზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ ბევრს უჩნდებოდა კითხვა – აიღო თუ არა მთავრობის კოალიციის შექმნის გარეშე ფორმირებისთვის საჭირო 40%. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დამკვირვებელთა უმრავლესობა არჩევნებს კონკურენციულს უწოდებს, ანალიტიკოსების უმეტესობა თანხმდება, რომ ქართულმა ოცნება ცდილობდა ოპოზიციური ძალების მარგინალიზაციას, ძალაუფლების მონოპოლიზაციასა და სასამართლოს კონტროლს. 

ოპოზიციის გადაწყვეტილებამ პარლამენტის ბოიკოტირების შესახებ გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მთავრობამ გაამწვავა თებერვალში მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებით. ბევრი ოპოზიციონერის ბრალდებით, ოპოზიციური ტელევიზია მთავარი არხის უდიდესი წილის მფლობელის, გიორგი რურუას წინააღმდეგ აღძრული საქმეც პოლიტიკურად იყო მოტივირებული .

აპრილში ჩაერთო ევროკავშირი, რომელიც მიზნად ისახავდა შეთანხმების გაფორმებას კრიზისის შესარბილებლად, დროებით მაინც, რის შედეგადაც მელია გათავისუფლდა. "პოლიტიკური პატიმრების" ამნისტიის მოწოდების გარდა, შეთანხმება გულისხმობდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებსაც, თუკი ქართული ოცნება მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ს ვერ აიღებდა. მაგრამ შემდეგ, ივლისის დასაწყისში, მემარჯვენეთა დაუნდობელი დემონსტრაციები მოეწყო იმ დღეს, როცა ლგბტქ პრაიდის მსვლელობა უნდა ჩატარებულიყო. თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ოფისებს. დემონსტრანტთა ნაწილს კავშირები ჰქონდა მოსკოვთან და ისინი წახალისებული იყვნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, რომელიც რუსეთთან ინარჩუნებს კავშირს. 

დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი და ერთი გარდაიცვალა დაუნდობლად ცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეტაკების მოხდენაში "რადიკალური ოპოზიცია" დაადანაშაულა. რადგან მან ვერ შეძლო ძალადობის აღკვეთა და დაგმობა, ამან წაახალისა დაძაბულობა ერთი მხრივ, პრაიდის მარშის მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებს, მეორე მხრივ კი კონტრაქციის მონაწილეებს შორის. აშშ-ს ელჩმა თბილისში ღარიბაშვილი ჰომოფობიური და ანტიმედია ძალადობის წინააღმდეგ "ძალისმიერი მეთაურობის" არქონის გამო გააკრიტიკა. 

საქართველოს საზოგადოების ნაკლებად ტოლერანტული ნაწილისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სასიკეთოდ, ღარიბაშვილმა პრაიდის მარში დაახასიათა როგორც "საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი" და "ისეთი რევანშისტული ძალების მიერ ორგანიზებული, როგორიცაა რადიკალური ოპოზიცია". მარშის ორგანიზატორები, რომლებიც რეალურად ძალადობის მსხვერპლი იყვნენ, ღარიბაშვილის თვალთახედვით "გაუაზრებლები" იყვნენ და მათ "სამოქალაქო დაპირისპირების" საფრთხე შექმნეს. ჯერჯერობით არ დაუკავებიათ თავდასხმებისა და ძალადობის ორგანიზატორები. 

სასამართლოს პოლიტიკურად გამოყენება, მედიის დაშინება, ძალაუფლების აღმასრულებლის მიერ მოხვეჭა ქართულ პოლიტიკაში უპრეცედენტო ნამდვილად არ არის. 2007-ში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობამ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი უძღვებოდა, ანტისამთავრობო პროტესტების დასაშლელად ძალა გამოიყენა, გამოაცხადა საგანგებო ვითარება და დახურა მთავარი ოპოზიციური არხი – იმედი. მაგრამ, რაც უპრეცედენტოა, ეს არის ქართული ოცნების განცხადება ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების დატოვების შესახებ, სვლა, რომელმაც განაახლა პოლიტიკური კრიზისი და მიანიშნებს ბოლო დროს ქართული ოცნების დასავლეთისგან მოწყვეტასა და არალიბერალური რეჟიმებისკენ მიბრუნებაზე.

შეთანხმებას ძალაუფლების განაწილების რამდენიმე ელემენტი ჰქონდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იყო, თუკი ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ს ვერ აიღებდა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ბოლო გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქართული ოცნება ამ ზღვარს ოდნავ ჩამოსცდება. 

და სიახლე, რომელიც ქართული სტანდარტებისთვისაც კი გამაოგნებელია - ცნობებით, ამ თვეში ძალაში შევიდა მთავრობათაშორისი შეთანხმება ბელარუსის КГБ-სა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის. შეთანხმება, რომელიც თავდაპირველად 2016 წელს გაფორმდა, საქართველოს მთავრობას აკავშირებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძალადობრივ რეჟიმთან. თანაც ბელარუსის КГБ-სა და რუსეთის ФСБ-ს ახლო კავშირი აქვთ. 

ჯერჯერობით, საქართველოს ოფიციალურ პირებს შეთანხმების არსებობა არ უარუყვიათ. პირიქით, მათ გააკრიტიკეს მასთან დაკავშირებული ცნობები. ევროკავშირთან შეთანხმების გაწყვეტა, როდესაც ძალაში შეგყავს შეთანხმება მინსკის დიქტატორულ რეჟიმთან, საქართველოს ცუდად წარმოაჩენს, როგორც მინიმუმ, და ამძაფრებს შფოთვას საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მონდომების გამო დასავლური ორიენტაციისა და დემოკრატიული ღირებულებებისკენ მისწრაფებაში. 

გამოკითხვები აჩვენებს, რომ 2/3-ზე მეტი ქართველი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. როცა ქართული ოცნება აცხადებს, მთავრობა აცხადებს, რომ სურთ ევროკავშირსა და NATO-ში უფრო ღრმა ინტეგრაცია, ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ ის მიისწრაფვის ერთპარტიული მმართველობისა და მოსკოვთან დაახლოებისკენ. ის ძირს უთხრის წლების მანძილზე ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის შესრულებულ მძიმე სამუშაოს. ახლა ზოგი ევროპელი საპასუხოდ მოქმედებს. ღარიბაშვილს ბალტიის ქვეყნებში ვიზიტის გაუქმება მოუწია, როდესაც იქაურმა ლიდერებმა მასთან შეხვედრა საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენების გამო არ ისურვეს. 

ასეთი დემოკრატიული დაცემის საწინააღმდეგოდ არსებობს ნაბიჯები, რომლებიც ვაშინგტონს შეუძლია და უნდა გადადგას. 

შეერთებულ შტატებს საქართველოში მნიშვნელოვანი გავლენები და ბერკეტები აქვს, მრავალწლიანი ახლო კავშირის შედეგად. ბაიდენის ადმინისტრაციამ და კონგრესმა, რომელმაც საქართველოს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა გამოხატეს, ქართულ ოცნებას უნდა მოსთხოვონ ევროკავშირის შეთანხმების პირობების შესრულება. ასევე, მათ უნდა წაახალისონ საერთაშორისო მონიტორინგი ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე (ხელს უშლის პანდემიის სიტუაცია).

თუკი ქართული ოცნება არ დაუბრუნდება შეთანხმებას, ან უარს იტყვის ბელარუსის რეჟიმთან დადებული შეთანხმების გაუქმებაზე, ან თუ არჩევნებზე ჩაერთვება არაკეთილსინდისიერ საქმიანობაში, ბაიდენის ადმინისტრაციამ ქართული ოცნების ლიდერებზე ტარგეტირებული სასჯელები უნდა დააწესოს. შეერთებულ შტატებს საქართველოში ამ საშუალებებისთვის არ მიუმართავს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ერთადერთი გზაა ამჟამინდელი უკუსვლის შესაჩერებლად. 

შეერთებულ შტატებს ამისი ვალდებულება აქვს ქართველი ხალხის იმ უდიდესი ნაწილის მიმართ, რომელსაც ქვეყნის დასავლეთის გზაზე შენარჩუნება სურს. ასევე, რეგიონში ყველაზე პროამერიკული ქვეყნის დახმარება და აქ აშშ-ს ინტერესების დაცვა ვაშინგტონის ინტერესებში შედის.

კომენტარები