საგარეო ვაჭრობა

რუსეთთან საქართველოს ექსპორტი 40.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი – 15.1%-ით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $7 481.6 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.7%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 27.8%-ით გაიზარდა და 2 275.6 მლნ აშშ დოლარს შეადგინა, ხოლო იმპორტი 19.3%-ით, 5 206.0 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-ივლისში, 2 930.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2%-ია.

იანვარ-ივლისში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 40.4%-ით გაიზარდა და 322 686 აშშ დოლარი შეადგინა, საქართველოში რუსეთიდან იმპორტი კი 15.1%-ით, 545 317 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

რუსეთი საქართველოსთვის, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მიხედვით, მე-2 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. მისი წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 14.2%-ია, ხოლო მთლიან იმპორტში - 10.5%.

როგორც საქსტატის მონაცემებიდან ჩანს, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი, ძირითადად, ფეროშენადნობების, ღვინის, მინერალური და მტკნარი წყლის, სპირტიანი სასმელების, გარგარის, ალუბლისა და ბლის, ატმის, ქლიავისა და ღოღნოშოს ხარჯზე გაიზარდა. 

ამ პროდუქტების ექსპორტის პროცენტული ცვლილება წინა წლის ანალოგიური პერიოდის ექსპორტთან შედარებით შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ფეროშენადნობები - 45.7% ზრდა, (2020 წელს - 57.7 ათასი აშშ დოლარი, 2021 წელს - 84 ათასი აშშ დოლარი);
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 14.5% ზრდა, (2020 - 62.6 ათასი აშშ დოლარი, 2021 - 71.7 ათასი აშშ დოლარი);
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 57% ზრდა, (2020 - 23.2 ათასი აშშ დოლარი, 2021 - 36.4 ათასი აშშ დოლარი);
  • სპირტიანი სასმელები - 10% ზრდა, (2020 - 16.7 ათასი აშშ დოლარი, 2021 - 18.5 ათასი აშშ დოლარი);
  • გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო - 46.5% ზრდა, (2020 - 11.4 ვ, 2021 - 16.8 ათასი აშშ დოლარი).

საქართველოში რუსეთიდან ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების იმპორტი 165.4%-ითაა გაზრდილი, ასევე გაზრდილია მზესუმზირას ზეთის იმპორტი 37.6%-ით და სატელეფონო აპარატების იმპორტი 43%-ით. შემცირებულია ნავთობის და ნავთობპროდუქტების, ასევე ხორბლის და მესლინის იმპორტიც. დანარჩენი საქონლის იმპორტი კი, რომელიც 324.6 ათას აშშ დოლარს შეადგენს, გაზრდილია 12%-ით.

კომენტარები