მკვლელობა თელავში

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში პოლიციელი ვანო ზანდარაშვილი დამნაშავედ ცნეს

მთავარი

ნაფიცმა მსაჯულებმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, ვანო ზანდარაშვილი დამნაშავედ ცნეს. 

"მიღებული ექსპერტიზის დასკვნების შესაბამისად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული არაერთი ნივთმტკიცების შესაბამისად, ნაფიცი მსაკულები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვანო ზანდარაშვილმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, დაუჯერეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, რომლის მიხედვითაც დადგენილი ფაქტი იყო, რომ ვანო ზანდარაშვილი დანაშაულის ჩადენს მომენტში არ იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში". - ამბობს პროკურორი ლაშა გეწაძე მთავართან ინტერვიუში.

ზანდარაშვილის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ზანდარაშვილი აფექტურ მდგომარეობაში იყო და გაუცნობიერებლად მოქმედებდა.

"გაუცნობიერებლად ვმოქმედებდი და აქედან გამომდინარე, არა მგონია, ვინმეს გაუჩნდეს იმაზე კითხვის ნიშანი, რომ მე განზრად მკვლელობა ჩავიდინე. მე არ მინდა, ვიყო უსამართლო ბრალდების მსხვერპლი და ძალიან მომაკვდინებელია ის ბრალდება, რაც წაყენებული მაქვს - განზრახ მკვლელობა, მით უმეტეს, დამაძიმებელ გარემოებაში. მე განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში არ ჩამიდენია, მე რაც ჩავიდინე, პირველივე დღიდან, პირველივე წუთიდან მზად ვარ, ვაგო პასუხი არა ისე, რომ ვინმემ სახლში გამიშვას, როგორც გაჟღერდა, ან ისე, რომ რამე შეღავათები გავრცელდეს. არა, იმ ქმედებაზე ვაგო პასუხი სრული სიმკაცრით, რა ქმედებაც მე ჩავიდინე, არა იმაზე, რაც მე არ ჩამიდენია". - თქვა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე.  

შემთხვევა 2020 წლის 25 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ცნობით, 25 დეკემბერს, ღამის საათებში თელავის რაიონის სოფელ იყალთოს ცენტრში შსს-ს თელავის რაიონული სამმართველოს მფლობელობაში არსებულ მანქანაში ვანო ზანდარაშვილსა და ექიმ ზურაბ საჩიშვილს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. უწყების ინფორმაციით, შელაპარაკების ფონზე ვანო ზანდარაშვილმა, "შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მის სახელზე გაპიროვნებული სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან ზ.ს.-ს ახლო მანძილიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა". ზურაბ საჩიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. 

"ასევე ვ.ზ.-ს მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ერთი ტყვია ხელის არეში მოხვდა ავტომანქანაში ზ.ს.-ს გვერდით მჯდომ ლ.ბ.-ს, რითაც მას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიადგა. ვ.ზ. 26 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  (განზრახ მკვლელობა) და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერდა პროურატურა.

კომენტარები