არჩევნები 2021

ბოკერია: ეს არჩევნები ჩვენი ყველას შანსია, დავუბრუნდეთ თავისუფალი სამყაროს ოჯახს

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ  თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისში შეთანხმებული კანდიდატები წარადგინა. 

"ეს არ არის არათუ ჩვეულებრივი თვითმმართველობის არჩევნები, არამედ ეს არჩევნები ჩვენი ყველას, მიუხედავად ჩვენ შორის დიდი განსხვავებებისა, შანსია, რომ დავიბრუნოთ შესაძლებლობა, ვიყოთ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა, რომ არ დავუშვათ საბედისწერო შეცდომა, რომ მრავალმა თაობამ დაკარგოს ეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის დიდი ხნის ამოცანა შესრულდეს და თავისუფალ სამყაროს ოჯახს დავუბრუნდეთ, რომ ივანიშვილმა საკუთარ კეთილდღეობას არ შესწიროს ჩვენი მოქალაქეების მომავალი. აქ თითოეული ხმა ოპოზიციისთვის მიცემული არის ხმა მიცემული ამ შანსის გამოყენებისთვის, ყველა ხმა მელიასთვის, ხოშტარიასთვის და ყველა ჩვენი კანდიდატისთვის არის სწორედ ამ შანსის გამოყენება და არა საკუთარი პოლიტიკური პრიორიტეტების წინ წამოწევა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქე მხარს დაუჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ახლოს არის მის შეხედულებასთან, თუმცა ჩვენ აქ უფრო დიდი ამოცანა გვაერთიანებს". – ამბობს გიგა ბოკერია.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, დროამ და გირჩი – მეტი თავისუფლებამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისში შეთანხმებული კანდიდატები წარადგინეს:

  • მთაწმინდა – თენგო კირთაძე (გირჩი – მეტი თავისუფლება)
  • საბურთალო – ბორის ყურუა (გირჩი – მეტი თავისუფლება)
  • დიდუბე – ნიკა მოსიაშვილი (გირჩი – მეტი თავისუფლება)
  • ნაძალადევი – ბადრი გრიგალაშვილი (გირჩი – მეტი თავისუფლება)
  • ჩუღურეთი – გიორგი ნონიაშვილი (ევროპული საქართველო)
  • ისანი – ბესო დონაძე (ევროპული საქართველო)
  • სამგორი – დათო ჟღენტი (ევროპული საქართველო)
  • ვაკე – ბათუ ქუთელია (დროა)
  • კრწანისი – თაზო ახობაძე (დროა)
  • გლდანი – ელენე ხოშტარია (დროა)

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს არ დააყენებს. პარტია მხარს ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატებს დაუჭერს, რომელმაც თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ – დროას ლიდერი ელენე ხოშტარია უკვე წარადგინა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები