საქართველო-ბელარუსი

"ლუკაშენკოსთან შეთანხმება სამარცხვინოა" – ტიხანოვსკაიას ქართულ ოცნებასთან შეხვედრა სურს

სვეტლანა ტიხანოვსკაია
EPA

ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას საერთაშორისო მრჩეველი, ფრანკ ვიაჩორკა ბელარუსის კგბ-სა და საქართველოს სუს-ს შორის დადებულ შეთანხმებას გამოეხმაურა და მას "სამარცხვინო" უწოდა. 

"ლუკაშენკოსთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები არის სამარცხვინო. მან ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და მოსახლეობის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. კგბ ტერორისტული ორგანიზაციაა- ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, საქართველოს მსგავსი დემოკრატია კი მასთან არ უნდა თანამშრომლობდეს. საქართველომ თავშესაფარი მისცა არაერთ ჟურნალისტსა და უფლებადამცველს, რომლებსაც კგბ-სგან საფრთხე ემუქრებათ. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს დახმარებას და ვიმედოვნებთ, რომ მათ არ გაწირავს ლუკაშენკოს რეჟიმისთვის".- თქვა ვიაჩორკამ SOVA-სთან.

ამასთან ერთად, ვიაჩორკას თქმით, სვეტლანა ტიხანოვსკაიას სურს საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრა და საუბარი ლუკაშენკოს რეჟიმთან დაკავშირებით.

"ჩვენ გვსურს საქართველოსთან ახლო ურთიერთობა, როგორც ორმხრივი, ასევე აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის გზით. სვეტლანა ტიხანოვსკაია სიამოვნებით შეხვდებოდა საქართველოს ხელისუფლებას და განიხილავდა ბელარუსი ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და ორგანიზაციების ბედს, რომლებიც საქართველოს აფარებენ თავს". - თქვა ვიაჩორკამ.

პირველ აგვისტოს ძალაში შევიდა ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დადებული თანამშრომლობის შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა 2016 წელს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ბელარუსის საკანონმდებლო ვებსაიტზე 13 აგვისტოს გამოქვეყნდა.

დოკუმენტი 14 თავისგან შედგება და მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

კომენტარები