დროა

ხოშტარია: ლაშქარავას გარდაცვალების დღეს პროტესტის გამო სასამართლოში მიბარებენ, არ მივალ

პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს გამართული საპროტესტო აქციის გამო სასამართლო პროცესზე იბარებენ, რომელიც 15 სექტემბერს გაიმართება. ხოშტარიას თქმით, არ იცის, რას ედავებიან, პარტიაში კი მიიჩნევენ, რომ ეს წინასაარჩევნო პროცესში ოპოზიციისთვის პირდაპირი ხელშეშლაა და მმართველი პარტია სასამართლოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. 

"სასაცილო და ცინიკურია, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს ხელისუფლება ბედავს და ამ პროტესტისთვის დევნის არა იმ მოძალადეებს, რომლებმაც იძალადეს ხალხზე, არამედ აქტივისტებს და ამ შემთხვევაში მეც მეძახიან სასამართლოში. მინდა ვთქვა, რომ არ ვაპირებ არც სასამართლოზე გამოცხადებას, არც ამ ცრუ ფარსში მონაწილეობის მიღებას. პირიქით, ეს გვმატებს იმ ენერგიას, რომ მსგავსი სასამართლო პროცესები აღარასდროს გაიმართოს ამ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში, რომ მოძალადეს ჰქონდეს თავისი ადგილი და აზრის გამოხატვა მუდმივად იყოს დაცული. ეს პროცესში შეუძლიათ ატარონ, რამდენიც უნდათ, ჩემი ფეხი იქ არ იქნება. 

წარმოდგენა არ მაქვს, რას მედავებიან, ერთადერთი ვიცი, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღის პროტესტის გამო რაღაცას მედავებიან. უბრალოდ, არ მაინტერესებს". – თქვა ელენე ხოშტარიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე. 

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ღირსების მარშის კონტრაქციაზე ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. ლაშქარავას გარდაცვალებას საზოგადოებრივი პროტესტი და აქციები მოჰყვა.

კომენტარები