ვაქცინაცია

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საპატრიარქომ მრევლს ვაქინაციისკენ უნდა მოუწოდოს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარებაზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, როგორც სახელმწიფომ, ასევე საპატრიარქომაც უნდა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ეპიდემიის დასრულებაში და საკუთარ მრევლს ვაქცინაციის ჩატარების კურთხევა მისცეს.

"ქართული ეკლესია მუდამ პიროვნული თავისუფლების, არჩევანისა და პასუხისმგებლობის მხარეს იდგა და დღესაც დგას, თუმცა დღეს კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია რეალური თავისუფლების განხორციელება. ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი, რამეთუ ეს ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უწყებებმა და მეთაურებმა, საზოგადოებამ და ეკლესიამ, ყველანი ვიქნებით ხვალინდელ შედეგზე პასუხისმგებელნი". – თქვა ზურაბიშვილმა

გუშინ, 11 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ს წერილი გაავრცელა.

პატრიარქის თქმით, ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არ უნდა ხდებოდეს აუცრელ ადამიანებზე ზეწოლა და დაძალება.

"ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა; ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია". – წერია პატრიარქის წერილში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 49 189 ტესტი და დადასტურდა 5 128 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 310 პაციენტი.

კომენტარები