ვაქცინაცია

ილია II: ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფილობითი, არ უნდა ხდებოდეს დაძალება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ს წერილი გაავრცელა.

პატრიარქის თქმით, ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არ უნდა ხდებოდეს აუცრელ ადამიანებზე ზეწოლა და დაძალება.

"ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფილობითი და აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა; ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია". – წერია პატრიარქის წერილში.

პატრიარქის წერილში ასევე ნათქვამია, რომ ეკლესია ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა.

"ამის შესახებ დადგენილება წმინდა სინოდმა ჯერ კიდევ 2021 წლის 11 თებერვლის სხდომაზე მიიღო, სადაც ასევე ნათქვამია: ,,საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც, ზოგადად, მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა". – წერია განცხადებაში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 430 ტესტი და დადასტურდა 5 352 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 635 პაციენტი.

10 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.33% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.27%.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 45 832, საიდანაც 6 578 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 1 322 მძიმე პაციენტია, მათგან 302 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

11 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 461 198 შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელდა 409 110 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 6 230.

კომენტარები