კულტურის სამინისტრო

წულუკიანის ინიციატივით თბილისში ციხე "ალტერნატიული კულტურული სივრცე N12"-ად გადაკეთდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულება ორთაჭალაში ალტერნატიულ კულტურულ სივრცედ გადაკეთდა. პენიტენციური დაწესებულების ნაცვლად, თბილისის ცენტრში იარსებებს ალტერნატიული კულტურული სივრცე, რომელიც მინისტრის თქმით, ხელოვანების შეკრებისა და შემოქმედებითი საქმიანობის აქტიური კერა გახდება.

წულუკიანის თქმით, მისი ინიციატივით სპეციალურად შეინარჩუნეს სახელი, რათა ჩანდეს, რომ თავისუფლების აღკვეთისა და ნეგატივის ადგილი გადაიქცა კულტურულ სივრცედ.

"ხელოვანებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული სივრცეები და თანამედროვეობას უფრო შეეფერება, რომ გარკვეული შემოქმედებითი პროცესები მიმდინარეობდეს არა ტრადიციულ, კლასიკურ სივრცეებში, როგორიც შეიძლება იყოს დიდი თეატრები ან თუნდაც, ოპერა ან მუზეუმი, არამედ ეს ხდებოდეს ალტერნატიულ სივრცეებში. თბილისში ასეთი იქნება "ალტერნატიული სივრცე N12". ჩვენ სიმბოლურად შევინარჩუნეთ ეს სახელი, რათა ჩანდეს, თუ საიდან მოდის ეს ადგილი, ნეგატივის, თავისუფლების აღკვეთის, დანაშაულის ადგილი გადაიქცევა კულტურულ სივრცედ, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდას თუ უფროსი თაობის წარმომადგენელს შეეძლება, რომ თავისი შემოქმედებითი პროექტი განახორციელოს“. – თქვა წულუკიანმა.

კომენტარები