აგვისტოს ომი

პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად საოკუპაციო ხაზზე სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა

კახა კუჭავა, გია ვოლსკი
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დეპუტატებთან ერთად გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი კობა კობალაძე. 

ირაკლი ბერაიას თქმით, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საყოველთაო მტკივნეული ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რათა აგრესორმა სახელმწიფომ პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, დაასრულოს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია,  დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებს და შეწყვიტოს საერთაშორისო დღის წესრიგისთვის ძირის გამოთხრა.

"ნებისმიერი ოკუპაცია არის დროებითი. ჩვენ, ქართველი ხალხი, არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მოვა ის დრო, როდესაც ჩვენ მშვიდობიანად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და შევარიგებთ ქართულ, ოსურ და აფხაზურ საზოგადოებებს, რადგან ამის ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს".- ამბობს დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე. 

ვიცესპიკერის, გია ვოლსკის თქმით, "მწვანე ბაღი საოკუპაციო ხაზთან არის დემონსტრირება იმისა, რომ ოკუპაციას არასდროს შევეგუებით".

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა.

 

კომენტარები