პუტინისტური ჯგუფები

მორდორიდან თბილისამდე – ანუ რა ხდება მაშინ, როდესაც ბოროტებას ვივიწყებთ

პუტინისტური ჯგუფები

მორდორიდან თბილისამდე – ანუ რა ხდება მაშინ, როდესაც ბოროტებას ვივიწყებთ

როდესაც ადამიანები ბოროტებას არასათანადოდ შეაფასებენ, სასაცილო თემად აქცევენ, ანდა კიდევ მიივიწყებენ, ამავე ბოროტების წისქვილზე ასხამენ წყალს. 

ამისი კარგი მაგალითია პროფესორი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ნაწარმოების “ბეჭდების მბრძანებლის” სამყარო - შუახმელეთი. იმ პერიოდში, როდესაც წიგნების სიუჟეტი ვითარდება, შუახმელეთში თითქმის ყველას მივიწყებული აქვს ერთ დროს არსებული დიდი ბოროტების, წყვდიადის მეუფის, საურონის არსებობა, რომელიც მორდორის ბნელ მხარეში იკრებს ძალებს. ის მრავალი საუკუნის წინ დაამარცხა ისილდურმა, ადამიანთა ერთ-ერთი სამეფოს ხელმწიფემ. ხალხს არც ის ახსოვს, რომ საგანი, რომელიც ბნელეთის მბრძანებლის ბოროტი იდეის განსხეულებაა, ჯერ კიდევ არ განადგურებულა და დაკარგულია. ეს საგანი საურონის ძალაუფლების ბეჭედია, რომელიც ხალხთა გონებას მარტივად ხრწნის. სანამ არსებობს ბეჭედი, იქამდე არსებობს შესაძლებლობა, რომ საურონი ფიზიკურ ფორმას დაიბრუნებს.

ისილდური საურონის წინააღმდეგ,
ალან ლის ილუსტრაცია

შუახმელეთის სამეფოები პრობლემას მაშინ აანალიზებენ, როდესაც ბნელეთის მეუფის მსახური ბოროტი არსებების, ორკების თარეში თანდათან უფრო იმატებს, ბოროტი ძალები ძველ ციხესიმაგრეებში იკრიბებიან და კვლავ ჩნდებიან საურონის ერთგული მხედართმთავრები - ნაზგულები, ადამიანთა დაცემული და გახრწნილი ცხრა მეფე.

შუახმელეთისთვის ბოროტების მივიწყება იმდენად საფრთხისშემცველი გამოდგა, რომ არსებობის პირდაპირი საფრთხე შეექმნა ადამიანთა სამეფოთა შორის უძლიერესს, გონდორს, როდესაც მის დედაქალაქს, მინას ტირითს ორკებისა და საურონის მოკავშირე ადამიანთა არმიამ ალყა შემოარტყა. ქალაქის დაცემის შემთხვევაში, საფრთხე მთელ შუახმელეთს შეექმნებოდა, რადგან სწორედ გონდორი იყო საურონის სამფლობელოს, მორდორის მოსაზღვრე და შემაკავებელი სახელმწიფო.

შუახმელეთის რუკა

ბოროტების მივიწყება და მისი სათანადოდ არშეფასება საქართველოს შემთხვევაშიც არამართებული რომ გამოდგა, ეს 5-6  ივლისის მოვლენებმაც კარგად აჩვენა. თუკი წინა წლებში საზოგადოების ნაწილი ლევან ვასაძის “ავენტინური ტრიადის პლებეურ ცრუ ღმერთებსა” და დედისერთა ფაშისტებზე უბრალოდ იცინოდა, დღეს იგივე იდეოლოგიის ჯგუფები უფრო სტრუქტურირებულებად იქცნენ და უკვე მხარდამჭერების მობილიზაციაც შეუძლიათ. 

ამ შემთხვევაში, ბოროტების წყარო და მორდორის ანალოგი ჩვენს რეალობაში ჩრდილოელი მეზობელია. პუტინის რუსეთი, არის სახელმწიფო, რომელიც ფსევდო ღირებულებებზე დაფუძნებულ რადიკალურ, ულტრანაციონალისტურ იდეოლოგიებს აცოცხლებს. 

მსგავსია პუტინისტური ჯგუფებისა და მორდორის ორკების იერარქიული სტრუქტურაც კი. კუნთმაგარი, აგრესიული ორკების, ურუკების გარშემო ერთიანდებიან შედარებით სუსტი და ნაკლები გამბედაობის ორკები, რომელთაც სნაგებს ეძახიან. ორკი ლიდერები, თავის მხრივ, ემორჩილებიან ბნელეთის მბრძანებლის მხედართმთავრებს, ეს უკანასკნელნი, თავად წყვდიადის მეუფეს, საურონს. პუტინისტური რადიკალური ჯგუფების სტრუქტურაც მსგავსია. თუკი 5-6 ივლისის კადრებს დააკვირდებით, დაინახავთ, რომ რამდენიმე აგრესიული, კუნთმაგარი წამქეზებელი ადამიანის გარშემო, შეკრებილი არიან შედარებით სუსტები. ამ ჯგუფებს, თავის მხრივ, აკონტროლებენ პრორუსული პირები, როგორიც არიან ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და ა.შ. ამიტომაც, სულაც არაა გასაკვირი, რომ ამ მოძალადეთა ჯგუფის წარმომადგენლებს საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ორკების დაძახება დაუწყო. 

თანაც, აღსანიშნავია, რომ ორკები ბნელეთის მბრძანებლისთვის მხოლოდ ბინძური საქმის შემსრულებლები არიან. საურონსა და მის მხედართმთავრებს ამ არსებების მიმართ არანაირი პატივისცემა არ აქვთ. ორკების მათ მიმართ ერთგულება კი მხოლოდ უსაზღვრო შიშით არის განპირობებული.

 

ალბათ მათთვის, ვისაც ფენტეზის ჟანრთან შეხება ჰქონია, გასაგებია რას ნიშნავს სიტყვა ორკი. ეს არსებები ამ ჟანრის წიგნებში, ფილმებსა თუ ვიდეო თამაშებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული რასაა. სხვადასხვა ნაწარმოებებში ისინი სხვადასხვაგვარად არიან აღწერილი, მაგრამ მათი საწყისი მოდელი ერთია - უხეში, ბოროტი, აგრესიული და დაუნდობელი არსებები. ტოლკინთან ორკებს სძულთ ყველანაირი სიკეთე. ისინი ქალაქში შეჭრის დროს არ ინდობენ უდანაშაულო მოსახლეობას, მოხუცებს, ქალებსა თუ ბავშვებს - “ორკების ხროვებმა იქაურობა დააწიოკეს, გამოათრიეს მივიწყებული ქალები და ბავშვები, დახოცეს კაცები, რომლებიც მარტო იბრძოდნენ” (“გონდოლინის დაცემა”, თავი - “ამბავი გონდოლინის დაცემისა”).

თავდაპირველად ფენტეზის ჟანრის ფართო ასპარეზზე ორკის ცნება სწორედ პროფესორმა ჯ.რ.რ. ტოლკინმა შემოიტანა, როდესაც 1954 წელს “ბეჭდების მბრძანებლის” ტრილოგიის პირველი წიგნი, “ბეჭდის საძმო” გამოსცა. ტოლკინს ეს სიტყვა აქამდე მხოლოდ საკუთარ ჩანაწერებში ჰქონდა ნახსენები, ხოლო 1937 წელს გამოცემულ “ჰობიტში” ორკების ნაცვლად, მისი სინონიმი, გობლინები ჰქონდა გამოყენებული. 

უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე, შუა საუკუნეებში არსებობდა ლათინური სიტყვა Orcus, რომელიც თავდაპირველად ქვესკნელის მეუფისა და ფიცის გამტეხთა დამსჯელი ღმერთის სახელი იყო. შემდეგში სიტყვა Orcus ავ სულთა და გობლინთა შესატყვისადაც იქცა (გობლინი დაორკი ტოლკინის ნაწარმოებებშიც სინონიმებია). სიტყვა ორკს იგივე მნიშვნელობა ჰქონდა ანგლოსაქსურ ენებშიც. მრავალწლოვანი ეტიმოლოგიის მიუხედავად, ჯ.რ.რ. ტოლკინი იყო ის, ვინც ამ სიტყვას საუკუნეების მტვერი ჩამოაშორა და გააცოცხლა.

ტოლკინის სამყაროში ორკები ბნელეთის პირველმა მეუფემ, მელკორმა, იგივე მორგოთმა შექმნა. მან ამისთვის სამყაროს შემოქმედის, ერუ ილუვატარის ქმნილებები ელფები ან ადამიანები გამოიყენა. ნაწარმოებებში ზუსტად არაა ხაზი გასმული თუ როგორ შექმნა მორგოთმა ორკები, მაგრამ ნათქვამია, რომ მხოლოდ ილუვატარს შეუძლია სიცოცხლის შექმნა და სხეულისთვის სულის მინიჭება, ამიტომაც ბნელეთის პირველი მეუფის ბოროტი ქმნილებები, მხოლოდ არსებულის დამახინჯებით შეიქმნენ. მორგოთის დაცემის შემდეგ, ორკები ახალ მბრძანებელს, საურონს ემორჩილებოდნენ.

საინტერესოა, რომ პროფესორი ტოლკინი აგრესიულ, უხეშ, ბოროტ და უხამს ადამიანებს თავადვე ადარებდა ორკებს. მაგალითად, ის “ბეჭდების მბრძანებლის” დანართებში წერს: “ორკები და ტროლები თითქოს სიტყვებისა და საგნების სიყვარულის გარეშე ლაპარაკობდნენ. მათი ენა უფრო დაქვეითებული და ბინძური იყო, ვიდრე გიჩვენეთ, არ მგონია ვინმეს უფრო დეტალური ჩაღრმავება სურდეს, მაგრამ მათი მაგალითების პოვნა მარტივია. მსგავსი ლაპარაკის გაგება ორკებივით მოაზროვნეებს შორის კიდევ შესაძლებელია. მომაბეზრებელი და მონოტონური, სიძულვილითა და ზიზღით სავსე, სიკეთისგან იმდენი ხნის დაცლილი, რომ სიტყვიერი ძალაც არ შერჩენიათ. მათი სასაუბრო ენა მათთვისაა, ვინც მხოლოდ უხამსობას აღიქვამს ძლიერებად.” (დანართი F, თარგმანის შესახებ).

ასევე, ჯ.რ.რ. ტოლკინი ერთ წერილშიც უსვამს ხაზს, რომ ზოგიერთ ადამიანს ორკთა მსგავსი მორალური ღირებულებები აქვთ. წერილში, რომელიც “ბეჭდის საძმოს” გამოცემამდე, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ოდნავ ადრე დაწერა, ტოლკინი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ბრიტანეთში არსებობენ ადამიანები, ვისაც უხარიათ გერმანიიდან გაქცეული დევნილების რიგების ხილვა: “რატომ უნდა გიხაროდეს სხვისი ცუდი! ჩვენ ცივილიზაციის იმ დონისთვის უნდა მიგვეღწია, სადაც შესაძლოა დამნაშავის სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ საჭირო ყოფილიყო, მაგრამ მისი ტანჯვით არავინ ისიამოვნებდა, ან ღრიალა ორკების ბრბო მის ცოლ-შვილს მისსავე გვერდზე არ ჩამოახრჩობდა”. (“ჯ.რ.რ. ტოლკინის წერილები”; 96-ე წერილი).

შუახმელეთთან არსებულ სხვა მსგავსებებს რომ დავუბრუნდეთ, 5-6 ივლისის ძალადობების დროს ჩანდა, რომ ძალადობრივი ჯგუფების გვერდით სასულიერო პირთა ნაწილიც იდგა. მათგან ისმოდა ძალადობისკენ მოწოდებებიც. საინტერესოა, რომ შუახმელეთში სასულიერო პირთა ფაქტობრივი მოვალეობა ჰერენ ისტარიონს, ანუ  ჯადოქართა ორდენს ეკისრებოდა. შუახმელეთში ისინი ვალარებმა, ერუ ილუვატარის პირველმა ქმნილებებმა და ფაქტობრივმა ღმერთებმა გამოგზავნეს, ბოროტების გავლენის ზრდის შეჩერების მიზნით. ეს მისია ხუთ ჯადოქარს ეკისრებოდა, რომელთაგან მხოლოდ ერთი, გენდალფ რუხი დარჩა საკუთარი დავალების ერთგული.

საკუთარი მოვალეობა ყველაზე მეტად სარუმან თეთრმა დაივიწყა. ერთ დროს ყველაზე გავლენიანი ჯადოქარი საურონის ბოროტებამ გახრწნა და გონება დაუბინდა. მას ერთადერთი სურვილი, ძალაუფლების ბეჭდის ხელში ჩაგდება ამოძრავებდა. სარუმანი იზენგარდის რეგიონს აკონტროლებდა, რომელიც რეალურად გონდორის სამეფოს კუთვნილებაში იყო. მის მარიონეტად იყო ქცეული როჰანის მეფე თეოდენი, მანამ სანამ მოხუცი ხელმწიფე გენდალფ რუხმა არ განკურნა. მას შემდეგ, რაც სარუმანის ღალატი გამოაშკარავდა, ის საკუთარ ციხესიმაგრეში, ორთანკში გამაგრდა და საკუთარი მიწების კონტროლი აქედან დაიწყო. მან მიისაკუთრა იზენგარდის მოსაზღვრე ფანგორნის ტყეც და დაუდევრად იყენებდა მის რესურსებს. საკუთარ ციხესიმაგრეში კი ორკების ახალი ჯიშის გამოყვანაზე მუშაობას შეუდგა. ეს მიწა გონდორის სამეფოს კუთვნილება იყო, თუმცა სარუმანი, ჯერ კიდევ ღალატის გაცხადებამდე, აბსოლუტურად უგულებელყოფდა ამ ტერიტორიის მფლობელი სახელმწიფოს სუვერენიტეტს ამ რეგიონზე.

სარუმან თეთრი "ბეჭდების მბრძანებლის" ეკრანიზაციიდან, კრისტოფერ ლის შესრულებით

როდესაც ორკების თარეშით სახელმწიფოებში არასტაბილური გარემო იქმნება, გარკვეული პირებისთვის მარტივდება დადებული პირობებისა და ფიცების გატეხვის შესაძლებლობაც. პირობის დარღვევის წინაპირობა ხშირად შიში ან ძალაუფლების წყურვილი ხდება. შუახმელეთის სამყაროში, ამ მხრივ, საინტერესოა დუნჰაროუს აჩრდილების ისტორია, რომელიც “ბეჭდების მბრძანებლის” სიუჟეტამდე მოხდა.

დუნჰაროუს მთიან რეგიონში მცხოვრები ადამიანები მანამ, სანამ შუახმელეთში გონდორის სამეფო დაარსდებოდა, თაყვანს სცემდნენ საურონს. გონდორის დაარსების შემდეგ, დუნჰაროუს მეფემ ერთგულების ფიცი დადო გონდორის მეფესთან, ისილდურთან. როდესაც ისილდურმა დუნჰაროუს სამეფო საურონის წინააღმდეგ გაერთიანებულ ადამიანთა და ელფთა კავშირის ლაშქარში იხმო, მთაში მცხოვრებმა ხალხმა ფიცი გატეხა და მათ ბნელეთის მბრძანებლის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი თქვეს. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც პირობის დარღვევა შიშის მიზეზით ხდება. ისილდურმა ისინი დაწყევლა. დუნჰაროუელთა სულები იქამდე ვერ იპოვიდნენ შვებას, სანამ გონდორის ტახტის მემკვიდრის წინაშე ფიცს არ აღასრულებდნენ. ფიცისგამტეხები სიკვდილის შემდეგ აჩრდილებად იქცნენ და წყევლისგან მხოლოდ საუკუნეების შემდეგ გათავისუფლდნენ, როდესაც ფიცი არაგორნის, ისილდურის შთამომავლის წინაშე შეასრულეს. პირობის გატეხვა არც საქართველოს მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას” გასჭირვებია, როდესაც ივლისში შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმების ანულირება გამოაცხადეს, ზუსტად იმ ქაოტური მოვლენების შემდეგ, რაც 5-6 ივლისს თბილისში ხდებოდა. მათ, ისევე, როგორც დუნჰაროუს ადამიანებმა, საკუთარი ნებით გადაწყვიტეს შეთანხმებით ვალდებულების აღება, შემდეგ კი უარი თქვეს მის შესრულებაზე.

საინტერესოა, შემთხვევა, როდესაც ფიცის გატეხვა ძალაუფლების შენარჩუნების გამო ხდება. შუახმელეთში თავად ისილდურმა გატეხა საკუთარი პირობა და უღალატა ელფებისა და ადამიანების ერთობლივ მიზანს. როდესაც საურონის დამარცხების შემდეგ, მან ბეჭედი ხელში ჩაიგდო და ის იმ ცეცხლში უნდა გადაეგდო, რომელშიც შეიქმნა (რაც ბეჭდის განადგურების ერთადერთი გზა იყო), ისილდურმა ამაზე უარი თქვა. ის ძალაუფლების წყურვილმა დააბრმავა და ბეჭდის საკუთარი თავისთვის დატოვება გადაწყვიტა, რამაც გამოიწვია მთელი ის უბედურება, რაც “ბეჭდების მბრძანებლის” სიუჟეტში ხდება. “ქართული ოცნების” მიერ საკუთარი პირობის დარღვევაში, თითქოს ორივე მიზეზი: შიში და ძალაუფლების წყურვილი იკვეთება.

 

შუახმელეთის მაგალითზე ჩანს, რომ ბოროტება, რომელიც ჩვენს გვერდზე არსებობს, არ უნდა იქნეს მივიწყებული, რადგან ასე მის ჩუმ გაღვივებასა და გაძლიერებას ეწყობა ხელი. საჭიროა ბოროტების სწორი შეფასება და იმაზე დაფიქრება, თუ რა შესაძლო საფრთხეების გაჩენა შეუძლია მას მომავალში. არასდროს უნდა იყოს დავიწყებული, რომ მორდორის ძალები მოწინააღმდეგე სამეფოებს როგორც გარედან, ისე შიგნიდან ებრძვიან, ზუსტად ისე, როგორც ამას პუტინის რუსეთი აკეთებს. თუკი მორდორის ძალების დასამარცხებლად მნიშვნელოვანია ბოროტების იდეის, ძალაუფლების ბეჭდის განადგურება, ჩვენს შემთხვევაში, მსგავსი განსხეულებული ბოროტება არ არსებობს, თუმცა არსებობს რადიკალური და ცრუ ღირებულებებზე დაფუძნებული იდეოლოგია, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს და რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

 

კომენტარები