ირაკლი ღარიბაშვილი

კანდელაკი: ღარიბაშვილი ფაქტობრივად ნონ გრატაა ყველაზე ახლობელ მოკავშირე ქვეყნებში

გიორგი კანდელაკი

"მივედით მდგომარეობამდე, როდესაც ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრი არის ნონ გრატა და არასასურველი პიროვნება საქართველოს ყველაზე ახლობელ და ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირეებში". – ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი გამოეხმაურა ლიტვური მედიისა და ლიტველი ექსპერტის დადასტურებულ ინფორმაციას, რომ პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბალტიის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტის გამართვაზე უარი უთხრეს.

კანდელაკის თქმით, აღმოჩნდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტზე უარის თქმის გადაწყვეტილება ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებისა და მთავრობების საერთო გადაწყვეტილება იყო, ხოლო ამის მიზეზი მთავრობის მხრიდან 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დასჯაზე უარის თქმა არის.

"დღეს, ძალიან ავტორიტეტულმა და სანდო ლიტვურმა მედია საშუალებებმა, ისევე როგორც ექსპერტებმა, ამ ინფორმაციის ნამდვილობა დაადასტურეს და აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაშიც საქართველოს მთავრობა ტყუის და აღმოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტის და მთავრობების საერთო გადაწყვეტილება. ასეთი რამ არ ახსოვს ისტორიას და ეს არის უაღრესად საგანგაშო ფაქტი. ვიზიტზე უარის თქმის მიზეზად სახელდება 5 ივლისის ძალადობის შემდეგ მთავარი ორგანიზატორების, რომლებიც ღიად არიან დაკავშირებული რუსეთის ფედერაციასთან, დუგინთან და სხვა ექსტრემისტებთან, დასჯაზე უარი საქართველოს მთავრობის მხრიდან." – თქვა კანდელაკმა

კანდელაკის თქმით, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მთავარი მიზანი საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდის არდაშვებაა და ამ ქვეყნებში კარგად დაინახეს, რომ ახლა ირაკლი ღარიბაშვილის მიღება იქნებოდა რუსეთის გავლენის ზრდის ლეგიტიმაცია და მათი მხრიდან მწვანე შუქის ანთება.

"უნდა გვესმოდეს, რომ ლიტვისთვის, ლატვიისთვის და ესტონეთისთვის, ისევე როგორც ჩვენი სხვა მოკავშირეებისთვის, იმპერატიულად მნიშვნელოვანია საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდის არდაშვება. ის, რომ 5 ივლისი იყო რუსეთის გავლენის ზრდის და რუსეთთან ღიად დაკავშირებული ექსტრემისტების საქართველოს მთავრობის შერწყმის ხილული გამოვლინება, ამის არდანახვის სურათი არავის გააჩნია, არც ვილნიუსში, არც რიგაში და არც ტალინში". – ამბობს კანდელაკი.

გასულ თვეში ანონიმურმა წყარომ ტაბულას უთხრა, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის გამართვაზე უარი უთხრეს. 

3 აგვისტოს, ტელეკომპანია ფორმულას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "წყაროები ლიეტუვიდან, ლატვიიდან და ესტონეთიდან ადასტურებენ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს ბალტიის ქვეყნებში ვიზიტზე უარი უთხრეს".

ინფორმაცია, პრემიერმინისტრის ბალტიის ქვეყნებში ვიზიტზე უარის თქმის შესახებ, ინტერპრესნიუსთან უარყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მას "სამწუხარო სპეკულაცია" უწოდეს. 

ლიტვური მედია 15 წუთის ცნობით, მათ წყაროებმა დაუდასტურეს, რომ ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურ ვიზიტზე უარი უთხრეს. 

კომენტარები