ირაკლი ღარიბაშვილი

ლიტვური მედია და ექსპერტი ბალტიის ქვეყნებში ღარიბაშვილის ვიზიტზე უარის თქმას ადასტურებს

ლიტვური მედია და ლიტველი ექსპერტი ადასტურებენ ინფორმაციას, რომ პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბალტიის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტის გამართვაზე უარი უთხრეს.

ლიტვური მედია 15 წუთის ცნობით, მათ წყაროებმა დაუდასტურეს, რომ ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურ ვიზიტზე უარი უთხრეს. 

"15 წუთის წყაროები ადასტურებენ, რომ ლიტვამ და ბალტიის სხვა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, არ მიეღოთ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც რეგიონში ვიზიტს გეგმავდა. ბალტიური ქვეყნების მთავრობების თქმით, თბილისიდან ვიზიტის უარყოფა განპირობებული იყო იმით, რომ საქართველომ არ გამოიჩინა ლგბტ აქტივისტებსა და მედიაზე თავდამსხმელების დასჯის სურვილი". – წერია ლიტვურ პრესაში. 

"წყაროების მიხედვით, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში გადაწყვეტილება, ღარიბაშვილისთვის დიპლომატიურად ეთქვათ უარი, პარლამენტისა და მთავრობების დონეზე იყო კოორდინირებული" – ამატებენ 15 წუთის სტატიაში.

ასევე, 5-6 ივლისის მოვლენების გარდა, ლიტვური პრესა ამბობს, რომ უარის მიზეზი 19 აპრილის შეთანხმების ქართული ოცნების მიერ ანულირებაც იყო.

ასევე, ლიტვური მედიის ცნობით, ამავე მიზეზების გამო, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაშინგტონშიც არ მიიღეს, თუმცა არაა დასახელებული ამ ინფორმაციის წყარო და დამატებითი დეტალები. 

ამ საკითხთან დაკავშირებით ტაბულა გაესაუბრა ლიტველ ექსპერტსა და Freedom Houses-ის ვილნიუსის ოფისის პროექტის ხელმძღვანელს, ვიტის იურკონისს. იურკონისის თქმით, მას სმენია უარის თქმის შესახებ, მაგრამ დაამატა, რომ ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არაა.

"მსმენია ამის (ღარიბაშვილისთვის ბალტიის ქვეყნების მიერ ვიზიტზე უარის თქმის) შესახებ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ამასთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალიური განცხადება არაა. ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ბოლო მოვლენების შემდეგ ეს მოულოდნელი იყო. მხოლოდ შეშფოთება არ კმარა, აქამდე უნდა ყოფილიყო ნათელი გზავნილები. ადამიანის უფლებათა დარღვევები და მედიის შეზღუდვა მიუღებელია... სიძულვილის ქადაგებას დროულად თუ არ მიხედეს, საბოლოოდ შედეგები მოჰყვება.

პროკრემლისტური ნარატივებითა და ინიციატივებით თამაში საბოლოოდ აღრმავებს საზოგადოების გახლეჩვას და მათ კლასიკური "გაყავი და იბატონეს" ტაქტიკის გამოყენების საშუალებას აძლევს". – ამბობს ვიტის იურკონისი ტაბულასთვის მიცემულ კომენტარში.

 "არ ვიცი გადაწყვეტილება განუსაზღვრელი თუა, მაგრამ, როგორც ჩანს ეს პრინციპული პოზიციაა თუ საქართველოს მთავრობას არ სურს შესაბამისი გამოძიების ჩატარება მომხდართან დაკავშირებით და თუ არ სურს, რომ მიხედოს საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონის უზენაესობის მიმართ იმ წუხილებს, რომლებსაც ბოლო წლებში ხაზი გაესვათ. ეს სულაც არ ცვლის ლიტვის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, მაგრამ მეგობრობა ნიშნავს სიმართლის თქმას, გულახდილობას, საკუთარი ხედვის პირდაპირ თქმას და არა საწყენ გარემოებებში რაიმის დამალვასა და თავისმართლებას". – დაამატა ლიტველმა ექსპერტმა. 

გასულ თვეში ანონიმურმა წყარომ ტაბულას უთხრა, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის გამართვაზე უარი უთხრეს. 

3 აგვისტოს, ტელეკომპანია ფორმულას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "წყაროები ლიეტუვიდან, ლატვიიდან და ესტონეთიდან ადასტურებენ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს ბალტიის ქვეყნებში ვიზიტზე უარი უთხრეს".

ინფორმაცია, პრემიერმინისტრის ბალტიის ქვეყნებში ვიზიტზე უარის თქმის შესახებ, ინტერპრესნიუსთან უარყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მას "სამწუხარო სპეკულაცია" უწოდეს. 

კომენტარები