ტანკერის გატაცება ომანის ყურეში

ბრიტანეთი ომანის ყურეში ტანკერი "ასფალტის პრინცესის" გატაცებაში ირანს ადანაშაულებს

ტანკერი "ასფალტის პრინცესა"

დიდი ბრიტანეთი, 3 აგვისტოს, ომანის ყურეში პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის, ასფალტის პრინცესის გატაცებაში ირანის დაფინანსებულ დაჯგუფებებს ან თავად ირანის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს

ასფალტის პრინცესა ეკუთვნის დუბაიში მყოფ კომპანიას, რომლის ერთი გემიც 2 წლის წინ ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა გაიტაცა. ცნობების მიხედვით, ბორტზე 9-ზე მეტი შეიარაღებული პირი ავიდა, როდესაც ტანკერი ჰორმუზის სრუტის მიმართულებით გადაადგილდებოდა. 

აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს, ნავთობის ოთხმა ტანკერმა გამოსცა სიგნალი, რომლის მიხედვითაც, "კონტროლს არ ექვემდებარებოდნენ", რაც იმას ნიშნავს, რომ გემს დაკარგული აქვს მოძრაობის შესაძლებლობა. აქედან ერთმა გემმა ამავე დღეს ცურვის გაგრძელება შეძლო. 

ბრალდებას უარყოფს ირანი. მათი თქმით, სამშაბათს, 3 აგვისტოს მოვლენებში გადმოცემები საზღვაო შემთხვევების შესახებ საეჭვო იყო და ირანის წინააღმდეგ მცდარ წარმოდგენებს ქმნიდა. 

აშშ-ს მხარემ განაცხადა, რომ ისინი გმობდნენ ომანის ყურეში მომხდარ ინციდენტს, თუმცა დასკვნების გამოტანა ნაადრევი იქნებოდა, მაგრამ მოვლენებს თვალს ადევნებდნენ.

გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების (UKMTO) განცხადებით, გემი გამტაცებლებმა 4 აგვისტოს დატოვეს. 

ასფალტის პრინცესის გატაცება გასული კვირის ინციდენტს მოჰყვა, როდესაც ისრაელის ტანკერს თავს დაესხნენ, რაშიც აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ისრაელმა ირანი დაადანაშაულეს. შემთხვევას ბორტის 2 წევრის სიკვდილი მოჰყვა. 

კომენტარები