ფარული მოსმენა

ლომჯარია ფარულ ჩანაწერებზე: აუცილებელია, დაიწყოს გამოძიება, დაისაჯონ პასუხისმგებელი პირები

საქართველოს სახალხო დამცველი მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ფარული ჩანაწერების დოკუმენტებს ეხმაურება. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ვინაიდან გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ნიშნებს, აუცილებელია, დაიწყოს გამოძიება და დაისაჯონ უკანონო მიყურადებაზე პასუხისმგებელი პირები. სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე დაწყებული გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს და მეტწილად უშედეგოდ გრძელდება.

"სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველისა და სხვადასხვა მოქალაქის სარჩელები და არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მოსმენა-მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობა. თუმცა, საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 22 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულ სტანდარტებს კვლავ ვერ აკმაყოფილებდა, რის გამოც სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით კიდევ ერთხელ მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის განხილვა 2018 წელს დაასრულა, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული". – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველის ცნობით, მოქმედი კანონმდებლობით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე უფლებამოსილი ორგანო არის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც კვლავ რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრული ინსტიტუციური, ფინანსური და ორგანიზაციული დამოკიდებულების ქვეშ. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ, თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს პროფესიული დაინტერესება, მოაგროვოს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია. სამწუხაროდ, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს გარე საპარლამენტო კონტროლი არაეფექტიანია; ასევე, შეზღუდულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილება. შესაბამისად, როგორც სატელეფონო, ისე – ელექტრონული და ინტერნეტ-მონაცემების მოპოვების პროცესთან დაკავშირებით არსებობს მაღალი რისკები, რომელიც დღემდე იძლევა თვითნებობისა და დანაშაულის დაუსჯელად ჩადენის შესაძლებლობას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები ფარული მიყურადების მოქმედი სისტემის შესამოწმებლად. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ზედამხედველობის გაძლიერება და მეტი ინსტრუმენტისა და მექანიზმის შემოტანა, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად.


მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ცნობით, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოიპოვა ოპერატიული დოკუმენტები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგის ანგარიშები. ნიკა გვარამიას ცნობით, სუს-ი ამ ანგარიშებს ბიძინა ივანიშვილს უმზადებდა. 

მიყურადებისა და თვალთვალის ობიექტები არიან როგორც ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელები და სასულიერო პირები. 

არასამთავრობო ორგანიზაციების სამმა წარმომადგენელმა დოკუმენტებში ასახული სატელეფონო საუბრები დაადასტურა. 

ნიკა გვარამიამ ასევე დაასახელა სუს-ის კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომლებიც მისი ცნობით, ხელმძღვანელობენ უკანონო მიყურადებასა და თვალთვალს. ესენი არიან სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, მისი მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დირექტორი, კოკა კობიძე. 

რადიო თავისუფლების ცნობითმთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გასაჯაროებული მასალებიდან ერთ-ერთი ფრაგმენტი, რომელიც მისი თქმით, სახელმწიფო სამსახურიდან მოპოვებული ოპერატიული დოკუმენტებია, მათი ჟურნალისტის – გიორგი მგელაძის საუბარს ასახავს.

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, ნინო გელაშვილი ამბობს, რომ მასაც უსმენდნენ და მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ჩანაწერები ნამდვილია. გელაშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ის, 2020 წლის ზაფხულში კონკრეტული ფაქტის დასაზუსტებლად დაუკავშირდა, საუბრის შინაარსი კი სუს-ის ანგარიშში მოხვდა. 

კომენტარები