პატრიარქი

ილია მეორე: სულ უკან სვლა დაუშვებელია, ჩვენ უნდა ვიაროთ წინ

ილია მეორე სამების ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა. კათoლიკოსის თქმით, ახალგაზრდა თაობა ხშირად აკრიტიკებს მშობლებს, ახლობლებს, ხელისუფლებას, მაგრამ შემდეგ თვითონვე ხდება ისეთივე, როგორიც უფროსი თაობა იყო - მედროვე. ილია მეორემ პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა, თუმცა კონკრეტიკის გარეშე.

"ბოლო დროს წინა პლანზე წამოიჭრა პოლიტიკური პარტიების როლი, იმდენად დაუპირისპირდნენ ეს პარტიები ერთმანეთს, რომ დაავიწყდათ საქართველო. სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება დასაშვებია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენს უკან ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლოა. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ბრძენია და უფრო ღრმად შეხედავს ამ პრობლემას, რომლის წინაშეც ვდგავართ. ხშირი შემთხვევაა, რომ ადამიანი, სახელმწიფო ხშირად გადადგამს უკან ნაბიჯს, მაგრამ სულ უკან სვლა დაუშვებელია, ჩვენ უნდა ვიაროთ წინ, ეს არის ღვთის ნება", - განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა ასევე განაცხადა, რომ "ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ღვთის წყალობაზე, ღვთის ნებაზე. ამიტომ ჩვენი ენერგია უნდა დავუახლოვოთ ღვთის მადლს, ენერგიას, უნდა მოხდეს სინერგია. თუ ჩვენი ენერგია ღვთის ენერგიას დაშორდება, ჩვენ სიკეთეს კი არა, ბოროტებას მოვუტანთ ჩვენს ქვეყანას, ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ერთი დიდი მეცნიერი ამბობს, ჩვენ აღარ გვყავს ფილოსოფოსები, მხოლოდ კრიტიკოსები დარჩნენ. ადვილია კრიტიკა, მით უმეტეს სხვა ადამიანების".

 

კომენტარები