ცესკო

გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს 6 თვით უხელმძღვანელებს

გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს 6 თვით უხელმძღვანელებს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კალანდარიშვილის ცესკოს თავმჯდომარედ არჩევას 83 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

კენჭისყრის შედეგად, ცესკოს წევრები ასევე გახდნენ გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებად შერჩეულნი არიან: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.

საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატს, გიორგი კალანდარიშვილს და გიორგი სანტურიანს მხარი არ დაუჭირა, ხოლო წევრობის კანდიდატებიდან მხოლოდ – 3-ს. 

"კომისიამ პრეზიდენტს წარუდგინა ცესკო-ს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატი, მე მგონია, რომ მათ მიმართ არ იქნება საზოგადოებაში მაღალი ნდობა. რაც შეეხება წევრობის კანდიდატებს, 3-ს მეც დავუჭირე მხარი. დანარჩენ 2-ს იმავე მიზეზით არ დავუჭირე მხარი". –ამბობს  ნიკა სიმონიშვილი.

თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა, მაშინ, როდესაც რამდენიმე დღით ადრე, 22 ივნისს ამბობდა, რომ გადადგომას არ აპირებდა. 

ცესკოს თავმჯდომარეობის პოზიციის დასაკავებლად გასაუბრება გაიარეს: ვილი პაჭკორიამ, მაია გურამიშვილმა გიორგი კალანდარიშვილმა, იმედა კლდიაშვილმა, გიორგი სანტურიანმა, ილია ჭანტურაიამ, ლილი ბეგიაშვილმა და ბონდო გასვიანმა.


გიორგი კალანდარიშვილი სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკისა და ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტებზე. მან 2004 წელს სტაჟირება გაიარა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში. მისი თქმით, რამდენიმე თვით გაემგზავრა ბრიტანეთში სასწავლო კურსებზე.

2005-2008 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოებებში მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით. 2008 წელს დაინიშნა ცესკოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსად, ხოლო 1 წლის შემდეგ დაინიშნა ამავე უწყების იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად. 2011 წელს, დაინიშნა ახლად ჩამოყალიბებული საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივნად.

2019 წლიდან დღემდე, კალანდარიშვილი არის ცესკოში არსებული ინფორმაციული უსაფრთხოების საბჭოს წევრი.

კომენტარები