დაძაბულობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

სომხეთის სამხედრო ძალების ჯარისკაცი

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმადერასხის რეგიონში, სასაზღვრო ზონაში აზერბაიჯანულმა მხარემ სომხურ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა. სომხური მხარის თანახმად, თავდასხმის სამიზნე სატრანსპორტო საშუალება იყო, რომელიც მნიშვნელოვნად დაზარალდა. სომხურმა მხარემ საპასუხო ცეცხლი გახსნა. სომხეთის თავდაცვის სამინისტოს თანახმად, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

"22:00 საათისთვის მდგომარეობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით სტაბილურია და სომხეთის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშაა". – წერს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

თავის მხრივ, აზერბაიჯანი სომხეთს ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სომხეთმა ნახიჭევანში, სადარაკის რეგიონში ჰეიდარაბადის დასახლების მიმართულებით ცეცხლი, პირველ აგვისტოს, 03:45-ზე გახსნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა საპასუხო ცეცხლი გახსნა და დაპირისპირებას აზერბაიჯანულ მხარეზე მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ბოლო პერიოდში გახშირდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლა და მცირე დაპირისპირებები. შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის გეღარქუნიქისა და ქალბაჯარის საზღვარზე 26-28 ივლისს მიმდინარეობდა. მხარეები ერთმანეთს პროვოკაციებში ადანაშაულებდნენ. სროლებს ემსხვერპლა სამი სომეხი სამხედროს სიცოცხლე და დაიჭრა ორი აზერბაიჯანელი სამხედრო. 28 ივლისს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსი სამშვიდობოების შუამავლობით აღდგა, თუმცა 29 ივლისს ის კვლავ დაირღვა.

2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდა. აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა ყარაბაღის დიდ ტერიტორიებზე. სამშვიდობო შეთანხმება მხარეებს შორის რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით შედგა. სიტუაცია ორ ქვეყანას შორის კვლავ დაძაბულია.

კომენტარები