აშშ-რუსეთი

რეგულაციების გამო, აშშ რუსეთში დიპლომატიურ მისიაში დასაქმებულ 182 ადამიანს გაათავისუფლებს

ენტონი ბლინკენი

აშშ რუსეთში დიპლომატიურ მისიაში დასაქმებულ 182 თანამშრომელს სამსახურიდან გაათავისუფლებს. ამის მიზეზი რუსეთის ხელისუფლების რეგულაციაა, რომელიც აშშ-ს საკონსულოებსა და საელჩოში რუსეთის და მესამე ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას უკრძალავს. ოფიციალური განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაავრცელა.

განცხადების თანახმად, თანამშრომლებს დაითხოვენ მოსკოვის, ეკატერინბურგის და ვლადივოსტოკის საკონსულოებიდან.

"ამ სამწუხარო შეზღუდვებს დიდ გავლენას ექნება რუსეთში აშშ-ს მისიის საქმიანობაზე. შეიძლება [შეზღუდვებს] გავლენა ჰქონდეს ჩვენი პერსონალის უსაფრთხოებასა და ასევე ჩვენს შესაძლებლობაზე რუსეთის ხელისუფლებასთან გვქონდეს დიპლომატიური ურთიერთობა. ვწუხვართ, რომ რუსეთის ქმედებები გვაიძულებს ჩვენი სერვისის და საქმიანობის შეზღუდვას, აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს და იმუშავებს რუსეთთან პროგნოზირებადი და სტაბილური ურთიერთობის გაგრძელებისთვის". – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

2021 წლის მაისში რუსეთმა აშშ "არამეგობრული ქვეყნების" სიაში ოფიციალურად შეიყვანა. ამ სიაში შესულ ქვეყნებს ეკრძალებათ, თავიანთ დიპლომატიური მისიებში რუსეთის და მესამე ქვეყნის მოქალაქეები დაასაქმონ. "არამეგობრული ქვეყნების" სიაში ოფიციალურად შევიდა ჩეხეთიც.

აღსანიშნავია, რომ პირველი აგვისტოდან აშშ რუსეთში საკონსულო მომსახურებას, მათ შორის ვიზების გაცემას შეაჩერებს. აშშ-ს ელჩის რუსეთში, ჯონ სალივანის თანახმად თანამშრომლების შემცირების გამო საკონსულოებს არ შეუძლიათ ვიზაზე განცხადებების დამუშავება.

ბოლო პერიოდში აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა. აპრილში აშშ-მ რუსეთს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობის, თანხის სანაცვლოდ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლის ცნობების გამო და SolarWinds-ზე კიბერთავდასხმის საპასუხოდ ახალი სანქციები დაუწესა. პასუხად რუსეთმა აშშ-ს 10 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა და 8 მაღალჩინოსანი შავ სიაში შეიყვანა.

კომენტარები