აშშ-რუსეთი

აგვისტოდან აშშ რუსეთში საკონსულო მომსახურებას, მათ შორის ვიზების გაცემას აჩერებს

ჯონ სალივანი
Scott Applewhite/AP 

პირველი აგვისტოდან აშშ რუსეთში საკონსულო მომსახურებას, მათ შორის ვიზების გაცემას შეაჩერებს. გადაწყვეტილების მიზეზი აშშ-ს საკონსულოებში თანამშრომლების შემცირება გახდა. საკითხზე აშშ-ს ელჩი, ჯონ სალივანი გამოცემა Дождь-ს ესაუბრა.

"პირველი აგვისტოდან ჩვენთან იმუშავებს ძალიან ცოტა ადამიანი, რის გამოც ვერ შევძლებთ საკონსულო მომსახურების გაწევას, რომელიც, როგორც ვიცი, ძალიან სჭირდება ამერიკელებსაც და რუსებსაც და ეს არ არის უბრალოდ წინააღმდეგობა აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებში. ამას მოჰყვება სერიოზული, პირადი ხასიათის შედეგები ოჯახებისთვის და ასევე, კომერციული შედეგები როგორც ამერიკული, ასევე რუსული დაწესებულებებისთვის". – თქვა სალივანმა.

აშშ-ს ელჩი რუსეთში აღნიშნავს, რომ თანამშრომლების შემცირების გამო საკონსულოებს არ შეუძლიათ ვიზაზე განცხადებების დამუშავება.

2020 წლის აპრილში რუსეთმა აშშ-ს სანქციებზე საპასუხოდ ქვეყნიდან 10 დიპლომატი გააძევა და აშშ-ს დიპლომატიურ მისიას სამსახურში რუსეთისა და მესამე ქვეყნის მოქალაქეების აყვანაზე შეზღუდვები დაუწესა. 

2017 წლამდე ამერიკულ დიპლომატიურ მისიებთან ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე იყო დასაქმებული, თუმცა რუსეთმა ეს რაოდენობა 450 ადამიანამდე შეამცირა.

16 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქვეყნებში ელჩების დაბრუნებაზე შეთანხმდნენ. აშშ-ს და რუსეთის ელჩები კონსულტაციებისთვის იყვნენ გაწვეული.

აშშ-ს ელჩი ჯონ სალივანი რუსეთში 24 ივნისს დაბრუნდა, ხოლო რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი აშშ-ში 20 ივნისს ჩავიდა.

კომენტარები