2021 წლის II კვარტალში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Google-ის შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა და საერთო მოცულობამ 62 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 6 მილიარდით აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზს.
შემოსავლის უდიდესი ნაწილი, კერძოდ, 50 მილიარდი დოლარი რეკლამების გაყიდვაზე მოდის.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნულ კატეგორიაში 69%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც, ექსპერტების შეფასებით, პანდემიითა და ე.წ. ლოქდაუნებითაა გამოწვეული, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა Google-ის სერვისებზე მოთხოვნა.
YouTube-ის რეკლამებიდან შემოსავალმა II კვარტალში 7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 83%-ით აჭარბებს გასული წლის მონაცემებს.
კომპანიის შემოსავლების რეკორდული მაჩვენებლები საფონდო ბირჟაზე პოზიტიურად აისახა და Google-ის აქციების ფასი 24 საათში თითქმის 5%-ით გაიზარდა.
ამჟამინდელი მონაცემებით, Google-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.8 ტრილიონ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოში რიგით მეხუთე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა.