კორონავირუსი და შეზღუდვები

კომიტეტმა მხარი დაუჭირა შეზღუდვების დარღვევის გამო 76 მილიონ ლარამდე ჯარიმების ამნისტიას

Mzia Saganelidze / (RFE/RL)

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების და ამნისტიის შესახებ კანონპროექტებს, რომლებიც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დამრღვევ პირებს შეეხება. ამნისტია, დაახლოებით, 245 ათასზე მეტ მოქალაქეს შეეხება და ჩამოწერილი იქნება 76 მილიონ ლარამდე გადაუხდელი ჯარიმა.

ინიციატივის მიხედვით, 2021 წლის 23 ივნისამდე ვინც დაარღვია იზოლაციის ან/და კარანტინის წესი, პირბადის ტარების წესი და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, იქნება ეს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული პირები თუ სისხლის სამართლის წესით უკვე აღძრული საქმეები, ყველა პირს ამნისტია შეეხება.

კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმის აღუსრულებელი ნაწილისგან  გათავისუფლდებიან ის პირები, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

დანაშაულის ჩამდენი პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან და ითვლება ნასამართლობის არმქონედ.

ჯარიმები უკვე გადაიხადა 200 000-მდე მოქალაქემ და 200-ზე მეტმა კომპანიამ, ჯარიმების საერთო მოცულობა 33 მილიონ ლარს აღწევს.

 

კომენტარები