COVID-19

სამხრეთ ამერიკაში COVID-19-ის ახალი, ლამბდა ვარიანტი ვრცელდება

სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონში COVID-19-ის შედარებით ახალი, ლამბდა [λ] შტამი ვრცელდება, რომელიც ალფა, ბეტა და დელტა ვარიანტებისგან განსხვავებული თვისებებით გამოირჩევა. 

Independent-ის ცნობით, აშშ-ში სიტუაცია საგანგაშო ჯერ არ არის, რადგან იქ ლამბდა შტამის მხოლოდ 700 შემთხვევა დაფიქსირდა. 

რაც შეეხება სამხრეთ ამერიკის რეგიონს, ლამბდას პირველი შემთხვევა გასულ ზაფხულს პერუში გამოვლინდა და ვირუსი სწრაფი ტემპით განაგრძობს გავრცელებას. 

ამჟამად ლამბდა შტამი აქტიურად გვხვდება შემდეგ ქვეყნებში: პერუ, ჩილე, არგენტინა, ეკვადორი, ბრაზილია და კოლუმბია.

გარდა ამისა, მისი რამდენიმე შემთხვევა კანადაში, გერმანიაში, ესპანეთში, ისრაელში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთშიც დაფიქსირდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [WHO] ლამბდა შტამს COVID-19-ის "საინტერესო ვარიანტების" კატეგორიაში ათავსებს, რაც შედარებით სუსტს გულისხმობს. 

"საშიში ვარიანტების" კატეგორიაში კი ალფა, ბეტა, გამა და დელტა შტამები არიან განთავსებული. 

ჯანმოს შეფასებით, ლამბდა გავრცელების სიჩქარითა და საშიშროების რისკით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება დელტა ვარიანტის შესაძლებლობებს. 

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები ლამბდა შტამის მიმართ მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა, Johnson & Johnson-ისა კი – შედარებით დაბალი. 

მეცნიერების თქმით, ლამბდასა და COVID-19-ის სხვა ვარიანტების წინააღმდეგ დაცვის საუკეთესო საშუალებად ისევ ავტორიზებული ვაქცინები რჩება. 

კომენტარები