პოლიტიკური კრიზისი

სენატორი რიში: საქართველოს უკუსვლით უფრო და უფრო იმედგაცრუებული ვარ

ჯეიმს რიში

აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ნომინაციების მოსმენაზე, სენატორი ჯიმ რიში საქართველოს პრობლემასაც შეეხო. მან ხაზი გაუსვა 5 ივლისის ძალადობასა და პარლამენტის მიერ უზენაეს მოსამართლეთა დანიშვნას.

"საქართველოს უკუსვლით უფრო და უფრო იმედგაცრუებული ვარ, ბოლო კვირას 50 ჟურნალისტზე მეტი სცემეს და ერთი მათგანი დაზიანებებისგან გარდაიცვალა, 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ დანიშნეს რამდენიმე მოსამართლე. სენატორი შაჰინი ამტკიცებს ჩემს წუხილს ამ საკითხთან მიმართებაში. იმედია, იმუშავებთ, რომ საქართველოს მთავრობას ამ პრობლემებზე მიმართოთ". – მიმართა სენატორმა რიშმა სენატს მოსმენის გახსნის დროს.

სენატორი რიში საქართველოს საკითხს მოსმენის შემდეგ ნაწილშიც შეეხო. მისი თქმით, ქართული პარტიები ხშირად ჩამოდიან ვაშინგტონში და ცდილობენ, სენატორები მათ მხარდაჭერაში დაარწმუნონ. 

"მე და ამ კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებული ვართ იმით, რაც საქართველოში ხდება. მე და სენატორი შაჰინი ვიყავით იქ 2012 წლის არჩევნებზე, რომელიც ახალი განთიადი და დასაწყისი გვეგონა. რეგულარულად იმედგაცრუებული ვართ იმით, რაც იქ ხდება. სხვადასხვა პარტიები ხშირად ჩამოდიან ვაშინგტონში, ყოველი მათგანი ცდილობს, რომ ჩაგვრთონ და მათი პოლიტიკური მანევრებისთვის მხარი დაგვაჭერინონ, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს. ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ ეს თავად უნდა მოაგვარონ და ჩვენ მხარეებს არ ავირჩევთ. მაგრამ მათი წინსვლა არ შეინიშნება". – თქვა სენატორმა რიშმა. 

სენატორი რიშის სიტყვებს გამოეხმაურა სენატორი კარენ დონფრიდი. 

"საქართველოში ყველა პარტიას მოვუწოდებ 19 აპრილის შეთანხმების მხარდაჭერას. რთულია, სრულად გავუსვა ხაზი იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საარჩევნო და სასამართლო რეფორმა საქართველოსთვის. როგორც იცით, საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული წინსვლა ჰქონდა, მაგრამ მას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. მე მათ მოვუწოდებ, დაფარონ ეს მანძილი". – თქვა დონფრიდმა. 

კომენტარები