სინგაპური

სინგაპურში 16 წლის მოზარდმა 13 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, ნაჯახით მოკლა

  GETTY IMAGES

სინგაპურში 16 წლის ბიჭს თანასკოლელის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. მოკლულის სხეული ორშაბათს, 19 ივლისს, სკოლის საპირფარეშოში იპოვეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნაჯახი.

წინასწარი გამოძიების ინფორმაციით, ბიჭები ერთმანეთს არ იცნობდნენ.

სინგაპურის სკოლებში მსგავსი ძალადობის შემთხვევები იშვიათია. მსოფლიოს მასშტაბით ქვეყანაში კრიმინალის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონეა.

ინციდენტი River Valley-ს პრესტიჟულ სკოლაში მოხდა. სკოლა დროებით ჩაკეტეს და საკლასო ოთახებში დარჩენილი მოსწავლეები ახლობლებს შეშინებულ შეტყობინებებს უგზავნიდნენ. მედიის თანახმად, მოსწავლეებმა ნაჯახით შეიარაღებული მოზარდი დაინახეს.

სასამართლო მოსმენაზე 16 წლის მოზარდს მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. სინგაპურში მკვლელობა სიკვდილით ისჯება. თუმცა, ვინაიდან ბრალდებული არასრულწლოვანია, სავარაუდოდ, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

პროკურორებმა მოსამართლეს სთხოვეს მოზარდის ფსიქიკური ჯანმრთელობა შეეფასებინათ. პროკურორების ინფორმაციით, მოზარდმა 2019 წელს თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში გარკვეული დრო გაატარა.

წინასწარი გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ნაჯახი ინტერნეტის საშუალებით შეიძინა.

ქვეყნის განათლების მინისტრის თქმით, სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს სამართალდამცველებთან. 

ინციდენტი ქვეყანაში ფართო განხილვის საგანი გახდა. საზოგადოებაში სკოლების უსაფრთხოებასთან და მოსწავლეების მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა. 

კომენტარები