სინგაპური

თითქმის 20 წლის განმავლობაში პირველად სინგაპურში ნარკოდანაშაულისთვის ქალს სიკვდილით დასჯიან

ციხის შენობა სინგაპურში
Lionel Ng/AP

სინგაპური თითქმის 20 წლის განმავლობაში პირველად ქალის სიკვდილით დასჯას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Transformative Justice Collective ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, მიმდინარე კვირას სინგაპურში ორი ადამიანის სიკვდილით დასჯაა დაგეგმილი – ოთხშაბათს, 26 ივლისსა და პარასკევს, 28 ივლისს. ორივე პატიმარი ნარკოდანაშაულისთვის 2018 წელსაა ნასამართლევი.

26 ივლისს 56 წლის სინგაპურელ მალაიელ მამაკაცს, მოჰდ აზიზ ბინ ჰუსეინს დასჯიან, რომელიც დამნაშავედ დაახლოებით 50 გრამი ჰეროინით ვაჭრობის გამო ცნეს. იგი ირწმუნება, რომ მის მიერ მიცემული ჩვენების დიდი ნაწილი რეალობას არ შეესაბამება, რადგან, მისივე თქმით, გამომძიებელმა მას ბრალის შემსუბუქების სანაცვლოდ, აღიარებითი ჩვენების დაწერა აიძულა. გამომძიებელმა უარყო ეს ბრალდებები, ხოლო მოსამართლემ აღნიშნა, რომ ბრალდებულმა აღიარებითი ჩვენება ნებაყოფლობით მისცა.

გარდა ამისა, 28 ივლისს სინგაპურის 45 წლის მოქალაქეს, სარიდევი ჯამანს დაახლოებით 30 გრამი ჰეროინის შენახვის გამო დასჯიან. სასამართლო პროცესზე სარიდევის მტკიცებით, მას პოლიციისთვის ზუსტი ჩვენება არ მიუცია, რადგან ნარკოტიკისთვის თავის დანებების შემდეგ მოთხოვნილებით იტანჯებოდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თქმით, ჩვენების მიცემისას სარიდევი განიცდიდა მეტამფეტამინის ძალიან მსუბუქ ან ზომიერ მოთხოვნილებას, თუმცა, სიმპტომები "მინიმალური და შეუმჩნეველი" იყო. 

ამასთან, სარიდევი იქნება პირველი ქალი, რომელსაც სინგაპურში 2004 წლის შემდეგ სიკვდილით დასჯიან მას შემდეგ, რაც 36 წლის პარიკმახერი იენ მეი ვუნი ნარკოტიკის ტრეფიკინგის ბრალდებით ჩამოახრჩვეს.

სინგაპურის მთავრობა ამტკიცებს, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ სიკვდილით დასჯა ეფექტური შემაკავებელი საშუალებაა. მათივე თქმით, ეს მექანიზმი სახელმწიფოს უსაფრთხოების შენარჩუნებას უწყობს ხელს და მას საზოგადოებაც მხარს უჭერს. 

Amnesty International-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სინგაპური ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებმაც გასულ წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის ადამიანები სიკვდილით დასაჯეს.

"არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ სიკვდილით დასჯას აქვს უნიკალური შემაკავებელი ეფექტი ან რომ მას რაიმე გავლენა აქვს ნარკოტიკების გამოყენებასა და ხელმისაწვდომობაზე. მსოფლიოს ქვეყნები აღარ მიმართავენ სიკვდილით დასჯას და იღებენ ნარკოპოლიტიკის რეფორმას, სინგაპურის ხელისუფლება კი არცერთს არ აკეთებს". - თქვა Amnesty International-ის ექსპერტმა, კიარა სანჯიორჯომ.

სინგაპურში სიკვდილით, სულ მცირე, 13 ადამიანი დასაჯეს მას შემდეგ, რაც მთავრობამ სიკვდილით დასჯა Covid-19 პანდემიის დროს ორწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა. 

კომენტარები