ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია

ზელენსკი: სამი ასოცირებული ქვეყანა საზღვრებთან მყარად უნდა დავდგეთ და ტკივილი გავიაზროთ

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საერთო გამოწვევებზე ისაუბრა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმები გრძელდება და მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა ევროკავშირის მხარდაჭერა მიიღონ. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ სამივე ქვეყანა მყარად უნდა დადგეს თავის საზღვრებთან და გაიაზროს საერთო ტკივილი.

"ჩვენ კიდევ უფრო ახლოს გვინდა დავდგეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ასოცირების შეთანხმების განხორციელება დაწყებულია, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არსებობს. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ვალდებულებები სრულდება. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ჰიბრიდულ თავდასხმებს, სუვერენული ტერიტორიების დაკავებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, სადღაც შუაში შევხვდეთ და მხარდაჭერა მივიღოთ ევროკავშირიდან.

მადლობას ვუხდი პრეზიდენტ მიშელს 24 ივნისს საბჭოს შეხვედრის გამართვისთვის. ჩვენ დავინახეთ, რომ ასოცირების პარტნიორობის მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელის ყველა დანაპირები საქმედ ვაქციოთ. ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ სამი ასოცირებული ქვეყანა ჩვენს საზღვრებთან მყარად უნდა დავდგეთ და ის ტკივილები გავიაზროთ, რაც გვაქვს. ეს გამოწვევა ეხება არამხოლოდ ამ სამ ქვეყანას, არამედ მთლიანად კონტინენტს". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის და ამ სამიტზე "უნდა ვთქვათ, რომ ხალხს ვკარგავთ, გვჭირდება პოლიტიკური კონტექსტი, მომავლის გეოპოლიტიკური ხედვა".

"დეკემბერში კიდევ ერთი პარტნიორობის სამიტი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა იმდენად, რამდენადაც აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ეს ფორმატი იქნება გარდაუვალი მნიშვნელობის მქონე. ჩვენ სამიტზე უნდა ვთქვათ, რომ ხალხს ვკარგავთ, გვჭირდება პოლიტიკური კონტექსტი, მომავლის გეოპოლიტიკური ხედვა. ამ ინიციატივის ფარგლებში აუცილებელია ძალისხმევის გაძლიერება. სხვა მხრივ, ვერ ვხედავ ამ ძალისხმევის რეალურ მომავალს. ამ სამიტზე უნდა დავინახოთ, რომ არსებობს ხედვა ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას და ამ კუთხით განვახორციელებთ ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს. მიხარია, რომ ერთად გზას ვუკვალავთ ევროინტეგრაციის მიმართულებას და ჩვენ გვექნება ჩვენი მიზნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. ევროკავშირის სისტემაში სამივე ქვეყანა – უკრაინა, საქართველო და მოლდოვა – ვიპოვით ჩვენს ადგილს". – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია 19 ივლისს გაიხსნა. კონფერენციას დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ქართულ მხარეს წარმოადგენენ ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის წევრები

კომენტარები