ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია

სანდუ: მოლდოვა წარმატებულ ქვეყნად მიიჩნეოდა, თუმცა კორუფციამ, ოლიგარქიამ ჩაითრია

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიხსენა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის დასაწყისში მოლდოვა წარმატებული ქვეყნის მაგალითი იყო, თუმცა მალევე კორუფციამ და ოლიგარქიულმა სისტემამ ქვეყნის ინსტიტუტები მიყოლებით ჩაიგდო ხელში. სანქციების გარეშე, დაუსჯელმა კორუფციამ მოლდოვას სანდრო პარტნიორის რეპუტაცია დაუკარგა.

"მინდა, დავუბრუნდე აღმოსავლეთ პარტნიორობის დასაწყისს და შეგახსენოთ, რომ იმ დროს მოლდოვა მიიჩნეოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებულ ქვეყნად. ქვეყანაშიც და ევროკავშირის ინსტიტუტებში არსებობდა დიდი იმედი, რომ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც მოლდოვამ ხელი მოაწერა, ქვეყანა განვითარდებოდა, ჩამოყალიბდებოდა ძლიერი დემოკრატიული სისტემა მოქალაქეების საკეთილდღეოდ. თუმცა, მალევე წარმატების საპნის ბუშტი გახეთქა საბანკო სისტემაში პრობლემებმა და კორუფციის სხვა შემთხვევებმა. სამწუხაროდ, კორუფციამ, ოლიგარქიულმა სისტემამ, ქვეყნის ინსტიტუტები მიყოლებით ჩაიგდო ხელში და მალე მოლდოვის მოქალაქეებმა და ბრიუსელმა გააცნობიერეს, რომ მოლდოვა აღარ იყო წარმატების მაგალითი.

სამწუხაროდ, იმიტომ, რომ რეფორმები მხოლოდ ქაღალდზე რჩებოდა, დისკუსია დემოკრატიის შესახებ და ანტიკორუფციული რეფორმები მხოლოდ ანგარიშებში იყო. იმიტომ, რომ მოლდოვას აკლდა ფუნდამენტი, რომელზეც ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა აშენებულიყო, მოლდოვამ დაკარგა მთავარი შესაძლებლობები, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობა წლების მანძილზე გვთავაზობდა. სულ რამდენიმე წელიწადში, კორუფციული სქემები სანქციების და ყველანაირი დასჯის გარეშე აყვავდა, მოლდოვამ დაკარგა სანდრო პარტნიორის რეპუტაცია". – თქვა მაია სანდუმ.

მაია სანდუს თქმით, გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნების და წლევანდელი ვადამდელი არჩევნების შემდეგ მოლდოვა ევროპულ კურსს უბრუნდება და ევროკავშირის ძლიერი დახმარებით ახალი ადმინისტრაცია ვალდებულია, დადებული პირობები შეასრულოს, ებრძოლოს რეფორმები და მნიშვნელოვანი რეფორმები გაატაროს.

"ჩვენი პრიორიტეტია, აღვადგინოთ სახელმწიფოს ინსტიტუტების მიმართ მოქალაქეების ნდობა, ჩვენ გვინდა, ხალხი კვლავ უნდა დავარწმუნოთ, რომ  სახელმწიფო აქ არის და მათთვის მუშაობს". – თქვა სანდუმ.

ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია 19 ივლისს გაიხსნა. კონფერენციას დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ქართულ მხარეს წარმოადგენენ ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის წევრები

კომენტარები