პრაიდის კვირეული

შს მინისტრის მოადგილე ორკებზე: 5 ივლისს მოულოდნელად გახდნენ აგრესიული, არავინ არ ელოდა

1TV

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე საუბრისას ამბობს, რომ ორკების ჯგუფი აგრესიული მოულოდნელად გახდა და სიტუაციის ასე განვითარებას არავინ ელოდა.

"5 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი - კონტრდემონსტრანტებმა ღამის საათებში დაიწყეს შეკრება და დილიდან, საერთოდ არანაირი კონტრშეკრება რომ არ იგეგმებოდა, მოულოდნელად გახდა ეს ჯგუფი აგრესიული. არანაირი აქტივობა არ იყო დაგეგმილი. 

როდესაც წინა დღეს დაიგეგმა ღონისძიება, შედგა შესაბამისი გეგმა და მისი ძირითადი არსი იყო, რომ მას შემდეგ, რაც დაიწყებოდა პრაიდის ღონისძიება, ის ძალები, რაც შსს-ს იმ დღისთვის ჰყავდა მობილიზებული, უნდა ყოფილიყო გადასროლილი იმ ლოკაციაზე, საიდანაც დაიწყებოდა ღირსების მარში. ჩვენ, რუსთაველის გამზირზე, სადაც კონტრდემონსტრანტები იყვნენ შეკრებილი, გვყავდა იმ რაოდენობის საპოლიციო ძალა გამოყვანილი, რაც მსგავსი ტიპის აქციების მართვისას ხდება ხოლმე მობილიზება. თუმცა, ეს ჯგუფი მოულოდნელად გახდა აგრესიული, დაიწყეს კარვების დაშლა, ჟურნალისტებზე თავდასხმა. ამ განვითარებას ნამდვილად არავინ არ ელოდა". – ამბობს ის იმედთან ინტერვიუში.  

თუმცა, ორკების შეკრება ღირსების მარშის ჩასაშლელად რამდენიმე დღით ადრე იგეგმებოდა. პუტინისტური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერები ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს ავრცელებდნენ. 


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს. მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები.  

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ შორის იყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. მას შემდეგ მედიის პროტესტი არ წყდება. მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ და სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ პროტესტს.  ისინი პრემიერმინისტრის გადადგომას და მოძალადეების დასჯას ითხოვენ. 

კომენტარები