დღგ-ს გადასახადი Booking.com-ით გაქირავებულ ბინებზე

ქართველი ფიზიკური პირები Booking.com-ით ბინის გაქირავებისას დღგ-ით დაიბეგრებიან

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2021 წლის 1 აგვისტოდან ქართველი ფიზიკური პირებისთვის Booking.com-ზე ბინების გაქირავება გაძვირდება – მათთვის, პლატფორმაზე განთავსებულ ყოველ ბინაზე, საიტის საკომისიოზე დღგ-ის გადასახადის სახით, დამატებით18%-ის გადახდა მოუწევთ. 

ინფორმაციას ამ ეტაპზე მხოლოდ Booking.com-ის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში შეტანილი ცვლილებების შედეგად, რომელიც ელექტრონულად მიწოდებულ სერვისებს ეხება, 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან, ფიზიკური პირები, პლატფორმის გამოყენებით ბინების გაქირავებისას დამატებით 18%-ით დაიბეგრებიან. აღსანიშნავია, რომ ცვლილება არ ეხება იურიდიულ პირებს.

შედეგად, Booking.com-ის პლატფორმა ქართველ გამქირავებლებს ამიერიდან ლეგალური ფორმის დამადასტურებელი დოკუმენტის მიწოდებას მოსთხოვენ, რათა საიტმა ფიზიკური პირები იურიდიულისგან განასხვაოს. როგორც საიტზე იტყობინებიან, ფიზიკურ პირებად დარეგისტრირებულ გამქირავებლებს პლატფორმა თავად ჩამოაჭრის დამატებით 18%-ის გადასახადს, უკვე არსებული საკომისიოს თავზე.

Booking.com-დან ამ შინაარსის მესიჯები უკვე მიიღეს პლატფორმაზე დარეგისტრირებულმა ქართველმა გამქირავებლებმა, თუმცა ოფიციალური განცხადება სამინისტროების ან მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ჯერ არ ყოფილა. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, რატომ გახდა საჭირო ეკონომიკური კრიზისისა და პანდემიის გამო ჩამოშლილი ტურიზმის ფონზე სტუმარმასპინძლობის სექტორში დამატებითი, 18%-იანი გადასახადის შემოღება. 

საგადასახადო ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შემოსავლების სამსახურმაც:

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება გარკვეული მედიასაშუალებით  გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც რეგისტრაციის პორტალის – BOOKING.COM-ის  მიერ, მომსახურების ტარიფის გადახდის ახალ პირობებს შეეხება და განმარტავს, რომ უცხოელ დასაბეგრ პირს (ამ შემთხვევაში BOOKING.COM) დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშობათ,  მხოლოდ  იმ ციფრული მომსახურების მიწოდებაზე, რომელსაც გაუწევენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ არამეწარმე ფიზიკურ პირებს.

თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: თუ  არამეწარმე ფიზიკური პირი BOOKING.COM-ზე განათავსებს ბინის გაქირავების შესახებ ინფორმაციას, უცხოელი დასაბეგრი პირი (აღნიშნულ შემთხვევაში BOOKING.COM) დღგ-ის თანხას გამოიანგარიშებს იმ თანხიდან, რომელსაც მომხმარებელი იხდის ვებგვერდის მომსახურების სარგებლობისათვის და არა ბინის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლიდან" – წერია განცხადებაში.

კომენტარები