ვაქციანცია

გამყრელიძე: Pfizer-ის მე-2 და მე-3 პარტიის შემოსვლის შემდეგ, 16-17 წლის პირების აცრა დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 16-17 წლის პირების აცრა ფაიზერის ვაქცინით მე-2 და მე-3 პარტიის შემოსვლის შემდეგ დაიწყება. ამის შესახებ NCDC-ის ხელმძღვანელმა მედიავებინარზე ისაუბრა.

"მინისტრის ბრძანება უკვე მომზადებულია. იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირაში ეს ბრძანება გამოქვეყნდება და, შესაბამისად, ფაიზერის მე-2 და მე-3 პარტია რომ შემოვა, უკვე 16 წლის ზემოთ მოქალაქეების აცრა შესაძლებელი იქნება". – ამბობს გამყრელიძე.

რაც შეეხება 12-15 წლის პირების აცრას, გამყრელიძის თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებენ, მანამ, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ან ევროპის წამლის სააგენტო არ აღიარებს 12-15 წლის ასაკში ვაქცინის გამოყენებას.

"ხშირად ისმის კითხვა, ჯერჯერობით თავს ვიკავებთ. იცით, რომ ამ ასაკში ჯერჯერობით, მხოლოდ კანადა, აშშ, ინგლისი, იტალია და რამდენიმე ქვეყანა ცრის, თავიანთი მარეგულირებლების გადაწყვეტილებით. სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ან ევროპის წამლის სააგენტო არ აღიარებს 12-15 წლის ასაკში ვაქცინის გამოყენებას, მანამდე ჩვენ თავს შევიკავებთ". – ამბობს გამყრელიძე.

ფაიზერის 28 000 დოზა საქართველოში 14 ივლისს შემოვიდა, აცრის გაკეთება 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვისაც შესაძლებელია. რეგისტრაცია იმავე დღეს დაიწყო, რამდენიმე საათის განმავლობაში ვაქცინაციის საიტი არ, ან შეფერხებით მუშაობდა. დღის ბოლოსთვის ყველა ადგილი კი შევსებული იყო.

ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, Pfizer-ს ეტაპობრივად, უწყვეტად მოაწვდის საქართველოს ვაქცინის დოზებს და "რაოდენობასთან შეფერხება არ იქნება".

შეგახსენებთ, რომ საქართველო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ Pfizer-ის მილიონ დოზას ეტაპობრივად მიიღებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, წელს, დაახლოებით ოქტომბრის ბოლომდე  Pfizer-ის 1.5 მილიონი დოზა შემოვა საქართველოში.

კომენტარები