მოსამართლეთა დანიშვნა

ბოკერია მოსამართლეების დანიშვნაზე: მხოლოდ გარე განცხადებების იმედად არ უნდა ვიყოთ

ტბელ აბუსერიძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, საერთაშორისო პარტნიორების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების მოწოდებების მიუხედავად, პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნება არღვევს იმ შეთანხმებას, რომლის შესრულების ვალდებულებაც აიღო.

"ივანიშვილის რეჟიმმა დემონსტრაციულად დაარღვია ის შეთანხმება, რა ვალდებულებებიც თვითონ აიღო, რომელიც, ჩვენი აზრით, სრულფასოვანი თავიდანვე არ იყო და არც ვიყავით მომხრე, რომ ეს ჩათვლილიყო სასამართლო რეფორმად, სწორედ იმიტომ, რომ ამ კურსზე დგას ოცნება, ჩვენი ქვეყნის მომავლის, თავისუფლების, დასავლური არჩევანის საწინააღმდეგო კურსზე დგას და ჩათვალა, რომ პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვან ნაწილს იმდენად უნდა რაიმე შეთანხმება, რომ ძლიერ პოზიციაშია და ეს უტიფარი ნაბიჯი გადადგა, ამიტომ ამაზე ჩვენი პარტნიორების რეაქცია აბსოლუტურად ბუნებრივია, დაგვიანებულიც, მაგრამ ბუნებრივი.

იმის ნაცვლად, რომ ნატოში გაწევრიანებისთვის შემდგომ ნაბიჯებზე იყოს ჩვენ პარტნიორებთან საუბარი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევაზე იყოს საუბარი, რომელიც ამ უმძიმეს ვითარებაში ეკონომიკურად ამოგვქაჩავდა, ხალხს სამუშაო ადგილის მეტ შანსს და შემოსავლის ზრდის შანსს მისცემდა, ამ თემებზე გვაქვს ლაპარაკი, ამიტომ აქედან ერთადერთი დასკვნაა - ჩვენ უნდა გვყავდეს სხვა მთავრობა და არა მთავრობა, რომელიც ჩვენ მომავალს, იმ ფასეულობებს უპირისპირდება, რასაც ქართულმა საზოგადოებამ შესწირა თავი", - თქვა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს ექნება შემაკავებელი ფაქტორი ივანიშვილის რეჟიმისთვის, თუმცა მხოლოდ გარე განცხადებების, ნაბიჯების იმედად ყოფნა არ იქნება საკმარისი და საჭიროა მოქმედება ქვეყნის შიგნითაც.

"ყველა ჩვენი სტრატეგიული მეგობრის გზავნილი და ნაბიჯი, მათ შორის, თუ მიღებული იქნა დრამატული ნაბიჯები ტარგეტირებულ სანქციებზე, ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ამაზე წინ დგას ჩვენი საზოგადოების ქმედებები, აქ მოქმედებასთან ერთად არის ეფექტური საერთაშორისო დახმარება.

რა თქმა უნდა, ყველა ამ გზავნილს მაინც ექნება შემაკავებელი ფაქტორი, ამის გარეშე ივანიშვილის რეჟიმი კიდევ უფრო საშიში იქნებოდა, მაგრამ იმის იმედად, რომ გარე განცხადებები ან ნაბიჯები შეცვლის კურსს, არ უნდა ვიყოთ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ აქ და ამ ფასეულობების ომის შემდეგ, იმ ზიანის ამოსაქაჩად, რაც ივანიშვილის რეჟიმმა მოგვაყენა, ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის დახმარება დაგვჭირდება", - თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა.

დღეს, 16 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ დეპარტამენტი ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცების გამო და ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.

საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც დაგმო.


საერთაშორისო პარტნიორების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების მოწოდებების მიუხედავად, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა. დანიშნული მოსამართლეები არიან:

  • გოჩა აბუსერიძე – 79 მომხრე, 5 წინააღმდეგი 
  • გიორგი გოგიაშვილი – 79 მომხრე, 4 წინააღმდეგი
  • ლევან თევზაძე – 77 მომხრე, 6 წინააღმდეგი
  • რევაზ ნადარაია  – 77 მომხრე, 6 წინააღმდეგი
  • ბიძინა სტურუა – 78 მომხრე, 6 წინააღმდეგი 
  • ლაშა ქოჩიაშვილი – 79 მომხრე, 5 წინააღმდეგი

პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს: ეკა ზარნაძეს, გიორგი შავლიაშვილს, ქეთევან მესხიშვილს.

განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოპოზიციონერი დეპუტატების უმეტეს ნაწილს. 

9 ივლისს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODHIR) საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების საკითხებში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კომენტარები