კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე რეგულაციებზე: შემდეგი 2 კვირა იქნება გადამწყვეტი, ინფექცია საკმაოდ გაიზარდა

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ხელახალი რეგულაციების დაწესება და ლოქდაუნი დამოკიდებულია კორონავირუსის გავრცელების ტემპზე. მისი თქმით, ტურისტულ სეზონზე, კერძო სექტორის ჩართულობა და მათთვის მოწოდებული რეგულაციების დაცვა მნიშვნელოვანია. 

"სწორედ ეს რეგულაციები განაპირობებს იმას, დავდგებით თუ არა ჩვენ შემოდგომაზე ისევ და ისევ იმ არჩევანის წინაშე, ჩავკეტავთ თუ არა ქვეყანას და გვექნება თუ არა განმეორებითი ლოქდაუნი. რა თქმა უნდა, ამის სურვილი ჩვენ არ გვაქვს და თუმცა ამის ფუფუნებას არ გვაძლევს ჩვენ პანდემია და ის რიცხვები, რომლებიც დღითიდღე არის მზარდი, განაპირობებს უკვე ამ გადაწყვეტილებების მიღებას". – ამბობს ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში. 

კითხვაზე, შეძლება თუ არა ჩაკეტვის გადაწყვეტილება შემოდგომამდეც იქნეს მიღებული, მინისტრი პასუხობს, რომ "ჩვენ დამოკიდებულები ვართ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტსა და რაოდენობაზე"

"ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ორჯერადი ნახტომი და ინფექცია არის საკმაოდ გაზრდილი. შემდეგი 2 კვირა იქნება გადამწყვეტი ამ გადაწყვეტილებების მიღებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ კერძო სექტორის და მოქალაქეების ჩართულობა იქნება ამ მიმართულებით და არამხოლოდ ვაქცინაციის მიმართულებით". – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე. 


14 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 35 559 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 769 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.68%, ბოლო 14 დღის - 4.1%, ბოლო 7 დღის - 4.46%.

კომენტარები